ახალი ამბები

საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა შეზღუდულია

7 იანვარი, 2015 •
საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა შეზღუდულია

ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე   ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეცაა დაწესებული. მოძრაობა აკრძალულია  ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი)  მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყველა მონაკვეთზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

6 იანვარს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დიდთოვლობააა გუდაურშიც, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია.

 

 6 იანვარს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ავტომანქანები თოვლში მოექცა. სამართალდაცავებმა თოვლში დარჩენილი 200–ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი პოლიციელთა ოჯახებში და პოლიციის სამმართველოებში მოათავსეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. 

———————————-

იმყოფებით დიდთოვლობის ზონაში? გაქვთ უფრო მეტი ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო მასალა? მოგვწერეთ და გამოგვიგზვანეთ: info@netgazeti.ge 

დიდთოვლობა საქართველოში, გუდაური, 6 იანვარი 2015 წელი. საქართველო
დიდთოვლობა საქართველოში, გუდაური, 6 იანვარი 2015 წელი. საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი