ახალი ამბები

9 აპრილს ეს ქვეყანა დაიბადა, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის — ლევან ბერძენიშვილი

6 ივლისი, 2019 • 1707
9 აპრილს ეს ქვეყანა დაიბადა, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის — ლევან ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება 20-21 ივნისის მოვლენებს და ამბობს, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ამ თარიღს 9 აპრილთან ერთად ისტორიული მნიშვნელობა აქვს:

„თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ერთი უპირველს ყოვლისა, არის 9 აპრილი, როცა ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როცა ქვეყანამ მსოფლიო რუკაზე თავისი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში – 20 ივნისი, როცა გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისთვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც უყვართ იგი, რომლებიც დაიცავენ მის ღირსებას“.

„მე-20 საუკუნეში, როცა 3 წლით მოვიპოვეთ და უზარმაზარი დროით დავკარგეთ დამოუკიდებლობა, საშინელ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირში იყო ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი მორიგეობის ხანა. ჩვენ, ჩვენი მორიგეობა მოვიხადეთ, როგორც მორიგეობა და თქვენ ჩაგაბარეთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძვით. როცა ერთად ბრძოლაში ვართ, კარგად გვესმის, რომ ახლა უპირველეს ყოფლისა, თქვენი დროა, თქვენ ყოველდღე მოდიხართ აქ, როგორც სამსახურში, თქვენი ქვეყნის სამსახურში“.

„თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, დაბადებული თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც ბოროტებას ეუბნება – არას, მონობას ეუბნება – არას. ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა, ეს არც სამარცხვინო პარლამენტარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა. ეს თქვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს რუსთაველის ქვეყანაა, ეს ბარათაშვილის ქვეყანაა… ჩვენ თავისუფლებას ვერავინ ვერ დაგვითრგუნავს, ვერავითარი მეფე, ვერავითარი ბიძინა ივანიშვილი, ვერავითარი გახარია, ვერავითარი საქართველოს უდღეური მთავრობა, რომლის პრემიერ-მინისტრის ხსენებაც არავის უნდა. საქართველს არ ეკადრება ასეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს არბევს, ტყვიებს უშენს და თვალებს თხრის. ჩვენ არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ამ დანაშაულს და სანამ სული გვიდგას, ჩვენ არ დავნებდებით, თქვენ არ დანებდებით და ბოროტებას ერთად ვეტყვით — „წადი, წადი, წადი!“

მასალების გადაბეჭდვის წესი