დღეს შექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა დასრულდა. თათბირის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

საბჭოს სხდომაზე მყოფმა საქართველოს პარლამენტის წევრმა, თინათინ ხიდაშელმა კომისიის დასრულების შემდეგ იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ამ თათბირზე განიხილეს: „ასეთი თათბირების გამართვის აუცილებლობა მუდმივად დგას – განსაკუთრებით წლის დასაწყისში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება ერთად დაჯდეს, გაიაროს გასული წელი თავისი პლუსებით, მინუსებით, პრობლემებით, წარმატებებით. ასევე დაგეგმოს მომავალი წლის პრიორიტეტები.
დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა, ძირითადი აქცენტი იმ ორ სასწრაფო ამბავზე გაკეთდა, რომელიც ახლა, ძალიან მალე უნდა მოხდეს. ეს არის ნატოს ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე იანვრის ბოლოს უნდა გაიგზავნოს. ამის შესახებ იყო საუბარი. მეორე, ეს არის ასოცირების კომისია, რომელიც უნდა შედგეს პარლამენტში. მოგეხსენებათ, სამთავრობო უკვე არსებობს და წესების მიხედვით, რატიფიკაციის შემდეგ ასეთი [კომისია] პარლამენტშიც უნდა გაკეთდეს“.
ხიდაშელის განცხადებით, ამ საკითხების გარდა, საბჭოზე შეათანხმეს 2015 წლის კალენდარი, ასევე, დაგეგმილი ვიზიტები როგორც საქართველოში, ასევე საქართველოდან. გარდა ამისა, ხიდაშელის განცხადებით, საბჭოს თათბირზე ისაუბრეს 2015 წლის პრიორიტეტებზე.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა: „ეს შეხვედრა უწყებათაშორის კოორდინაციის მიზნით გაიმართა და ამას ემსახურება. მით უმეტეს, წლის დასწაყისია და წლის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს. შესაბამისად, ამ საკითხების კოორდინარება ძალიან მნიშვნელოვანია“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, სხდომას ესწრებოდნენ ექსპერტები, მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერის თანაშემწეები საგარეო ურთიერთობების საკითხებში, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები.
საბჭოს, რომელიც დღეს შეიქმნა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. დღევანდელი თათბირის დასრულების შემდეგ პრემიერს კომენტარი არ გაუკეთებია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, რომელიც მან „რუსთავი 2“-თან გააკეთა, „მთავრობას საქმეების კეთება არ შეუძლია და ახალ კომისიებს ქმნის“.
საბჭოში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.