ახალი ამბებისაზოგადოება

სახელმწიფომ ვერ დაინახა მოქალაქე, რომელიც სიღარიბეში კვდებოდა — რატომ?

5 ივლისი, 2019 • 6658
სახელმწიფომ ვერ დაინახა მოქალაქე, რომელიც სიღარიბეში კვდებოდა — რატომ?

58 წლის მარტოხელა ქალის გაუსაძლის სიღარიბეში გარდაცვალება სისტემურ პრობლემებს ამხელს, რომლის გადასაჭრელად ჩამოყალიბებული მწყობრი ხედვა სახელმწიფოს არ აქვს.

2 ივლისს გარდაცვლილ ნანა ნადირაძეზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ამბობენ, რომ მისი არსებობის შესახებ არ იცოდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანახმად, მათ მხოლოდ 2019 წლის თებერვალში გაიგეს მის შესახებ; თუმცა, მათი თქმით, მან ამ დროს უარი თქვა სახლიდან თავშესაფარში გადაყვანაზე, მომვლელის დახმარებასა თუ სხვა შეთავაზებულ სერვისებზე; 

არადა, მოხალისეებთან, რომლებმაც ნანა ნადირაძე ცხოვრების ბოლო დღეებში იპოვეს და დახმარებას ცდილობდნენ, თავად ამბობდა, რომ მომვლელი სჭირდებოდა. სოციალური მუშაკის თანახმად, მან კატეგორიულად თქვა უარი დახმარებაზე, ხოლო ძალით, ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანს ვერსად გადაიყვანდნენ.

სოციალური მუშაკის თანახმადვე, მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. დასვეს თუ არა მათ კითხვა, შეეძლო თუ არა ნადირაძეს გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიეღო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაზე?

რა სისტემურ პრობლემებს ააშკარავებს ნანა ნადირაძის გარდაცვალება? მოიკითხა თუ არა ის სახელმწიფოს რომელიმე წარმომადგენელმა ერთჯერადი ვიზიტის შემდეგ? თუ არა, — რა იყო ამის მიზეზი? როგორ ვერ დაინახა მისი საჭიროებები სახელმწიფომ 2019 წლამდე?

გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები

„სხეულზე გაკავება მაქვს… შუქი არა მაქვს ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც გაკავება დამემართა… სიარული მიჭირს და ვერ გადავაადგილდები. უკვე წელიწადი გახდება, რაც ვწევარ… შუქი გაკეთდება, ოღონდ მთავარია, მე ჯანმრთელობა დავიბრუნო… და მომვლელის საკითხია მთავარი“…

ვიდეო, რომელშიც ნანა ნადირაძე ამ სიტყვებს ამბობს, დაახლოებით ივნისის პირველ ნახევარშია გადაღებული მისი უბნელი ბიჭის მიერ. ფეისბუკზე ვიდეოს გავრცელების შემდეგ ნანა ნადირაძესთან მოხალისეების ჯგუფი მივიდა დასახმარებლად. ბაჩო ბერიძე, ამ ჯგუფის წევრი, რომელმაც ნადირაძეს სახლში მიაკითხა 19 ივნისს, „ნეტგაზეთს“ ასე აღუწერს სახლში დახვედრილ სურათს:

„იცით, როგორი ამბავი დაგვხვდა შიგნით? ასეთი არაფერი მინახავს: ანტისანიტარია, ფეკალიები… ყურადღებას არავინ აქცევდა მეზობლების გარდა. წელს ქვემოთ იყო მოწყვეტილი“…

იმავეს გვიდასტურებს აკა სინჯიკაშვილი, — აქტივისტი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანოაშია ჩართული და რომელმაც ასევე მოინახულა ნანა ნადირაძე გარდაცვალების წინა დღეებში: 

„წელიწადნახევარი საერთოდ არ განძრეულა კუთხიდან… ტუალეტიც იქვე იყო, საწოლიც, სამზარეულოც და ყველაფერი… გადაღებულ ფოტოზე არ ჩანს, მაგრამ მუხლამდე იყო კანალიზაცია და ასეთ მდგომარეობაში იწვა. სახლში შესვლა არ შეიძლება, იქიდან ჯანმრთელი ვერ გამოხვალ“.

აკა სინჯიკაშვილიც და ბაჩო ბერიძეც მოხალისეები არიან — მათ არ ევალებათ მოქალაქეებზე მზრუნველობა. მათ და სხვა მოხალისეებმა საკუთარი სურვილითა და რესურსებით გამოიჩინეს ყურადღება. თუმცა სახელმწიფოში, სულ მცირე, ორი უწყებაა, ვისაც ნანა ნადირაძისათვის ყურადღება უნდა მიექცია: ადგილობრივი ხელისუფლება (თვითმმართველი ერთეული) და ჯანდაცვის სამინისტრო.

„ფეისბუკიდან გავიგეთ“ 

ჩუღურეთის გამგეობაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ნანა ნადირაძის არსებობა აკა სინჯიკაშვილის პოსტიდან გაიგეს. „ერთხელ მაინც უნდა შემოსულიყო განცხადება, რომ არსებობს ეს ქალბატონი, რომ აქვს ფსიქოლოგიური ტრავმა, ეწევა ჩაკეტილ ცხოვრებას და ა.შ. გამგეობაში არცერთი განცხადება — არც ნათესავის, არც მეზობლის — არ იძებნება, ანუ არ მოუმართავს არავის“, — გვითხრეს გამგეობის პრესსამსახურში.

გამგეობაში ამბობენ, რომ მათ სრულად დაფარეს ნანა ნადირაძის დაკრძალვის ხარჯები მას შემდეგ, რაც ნათესავმა, მათი მოწოდების შემდეგ, ამის შესახებ განცხადება დაწერა. იგი 4 ივლისს დაკრძალეს.

„თანამშრომლობა არ მოისურვა“

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მათ თანახმად, ნადირაძის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 14 თებერვალს შეუვიდათ მეზობლისგან. სააგენტოს პრესსამსახურმა ნეტგაზეთს 3 ივლისს მიაწოდა განმარტება, რომლის თანახმადაც სოციალური მუშაკები რამდენიმე დღეში განმცხადებელ მეზობელთან ერთად შევიდნენ მასთან სახლში.

განმარტების თანახმად, „ქალბატონმა ნანამ არ ისურვა თანამშრომლობა სოციალურ მუშაკებთან, მას არ აქვს სურვილი, დატოვოს საკუთარი სახლი და გადავიდეს სათემო ორგანიზაციაში“. ამას გარდა, სააგენტო ამბობს, რომ „სოციალურმა მუშაკებმა ასევე შესთავაზეს შინ მოვლის სერვისი, თუმცა უარი განაცხადა“, თუმცა „აღნიშნულის შესახებ მოქალაქემ არ ისურვა წერილობით აღნიშნულის დაფიქსირება“.

სააგენტოს თანახმადვე, ნადირაძემ თქვა, რომ „ჰყავს თანადგომის ქსელი, ბიცოლა და ბიძაშვილები, რომლებიც ამარაგებენ მას საკვები პროდუქტებით“. ნეტგაზეთისთვის მიწერილ პასუხში ასევე წერია, რომ „სოცმუშაკის კითხვაზე, რატომ არ ეხმარებიან სახლში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ქალბატონმა ნანა ნადირაძემ ითხოვა რამდენიმე დღე, რათა დაუკავშირდეს ბიცოლას და დაეხმაროს ნაგვის გადაყრასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სოციალურ მუშაკ დიანა ფერაძეს, რომელიც ნანა ნადირაძესთან იმყოფებოდა თებერვალში. სააგენტოს თანახმად, იმ დროს ახალი დაწყებული ჰქონდა სააგენტოში სოციალურ მუშაკად მუშაობა და უფროს სოცმუშაკთან ერთად იმყოფებოდა ნადირაძესთან სახლში, თუმცა ეს უფროსი სოცმუშაკი ამჟამად უწყებაში აღარ მუშაობს.

დიანა ფერაძემაც იგივე გვითხრა, რაც სააგენტოს პრესსამსახურმა: რომ მოქალაქემ უარი თქვა ყველა შეთავაზებულ სერვისზე; უარი თქვა პირადი ინფორმაციის მიწოდებაზე; უარი თქვა ნათესავების ტელეფონების ნომრების მიცემაზე…

კითხვაზე, გადაამოწმეს თუ არა, მართლაც ჰყავდა თუ არა „თანადგომის ქსელი“, მან გვიპასუხა: „ვთხოვეთ ტელეფონის ნომერი, მაგრამ არ მოგვცა, მე არ ვიცი, თქვენ ვინ ხართო. წარვუდგინეთ საბუთი, რომ სოციალური მუშაკები ვიყავით, მაგრამ მაინც არ მოგვცა… მეზობელსაც ვთხოვეთ, იქნებ მისთვის მიეცა, მაგრამ ვერ გადავამოწმეთ, არანაირად არ სურდა, თავშესაფრის ხსენება ხომ საერთოდ. შინ მოვლის პროგრამაზეც არაო“…

ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემები

როგორც მოხალისეები, აკა სინჯიკაშვილი და ბაჩო ბერიძე ნეტგაზეთს ეუბნებიან, ნანა ნადირაძეს „სითხის დაგროვება ჰქონდა მუცელში“, სიცოცხლის ბოლო დღეებში კი საერთოდ არ იღებდა საკვებს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები, როგორც ყოველთვის, ამარაგებდნენ. 

ნეტგაზეთისთვის უცნობია ნადირაძის კლინიკური დიაგნოზი, ან მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი. თუმცა ის, რაზეც მოხალისეები და სოციალური მუშაკიც მიანიშნებენ („გაბერილი მუცელი“), სავარაუდოდ, არის დაავადება ასციტი.

ასციტი (მუცლის წყალმანკი), აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის თანახმად, სითხის პათოლოგიური დაგროვებაა მუცლის (პერიტონიუმის) ღრუში. მისი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ციროზი (ღვიძლის დაავადება). თუმცა ეს კლინიკური დიაგნოზი არ არის. ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

მეზობლების ინფორმაციით, ნანა ნადირაძე ოდესღაც ჟურნალისტი ყოფილა. როგორც ჩუღურეთის გამგეობაში (რომლის წარმომადგენლებიც გარდაცვალების შემდეგ არკვევდნენ ნადირაძის საკითხს) ნეტგაზეთს უთხრეს, მან სომხეთში 1988 წლის მიწისძვის შემდეგ მიიღო ტრავმა და ამის შემდეგ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და ძალიან იშვიათად უშვებდა ვინმეს სახლში.

სასწრაფოსა და პატრულის გარეშე

2019 წლის თებერვალში მასთან მისულ სოციალურ მუშაკებს, მიუხედავად იმისა, რომ შეამჩნიეს, ნანა ნადირაძე, სავარაუდოდ, არც ფსიქიკურად იყო ჯანმრთელი და არც ფიზიკურად, არც პოლიცია და არც სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებიათ.

„ფსიქიკურად ჯანმთელი არ იყო, მაგრამ საფრთხეს არ წარმოადგენდა… ჩვენ ფსიქიატრები არ ვართ, მაგრამ ჩვენი შეხედულებით, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ სასწრაფო არ გადაიყვანდა… ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩვენთანაც ასე განაცხადა, ჩალოგინებული ვარ, ვერ ვდგებიო, და მუცელი ჰქონდა ძალიან დიდი. არ ვიცი, რატომ მაქვს ამხელაო. სასწრაფო, ყველაფერი შევთავაზეთ, შინ მოვლა, მაგრამ ყველაფერზე უარი გვითხრა. ამბობდა, რომ ზრუნავენ მასზე“…

კითხვაზე, რატომ არ გამოიძახეს სასწრაფო, დიანა ფერაძე გვპასუხობს: „სასწრაფო რომ მოსულიყო, არც პირადობას გვაძლევდა, ყველანაირ კონტაქტზე აცხადებდა უარს. სასწრაფო რას იზამდა“… მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნების საწინააღმდეგოდ, თუ  „საკუთარ ან სხვის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს“. მათი შეფასებით, ეს ასეთი შემთხვევა არ იყო.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა უკეთესი სასწრაფოს გამოძახება, მან გვიპასუხა: „ყველაფერზე განაცხადა უარი… არც ჩვენ არ გვაქვს და არც სასწრაფოს იმის უფლება, რომ ძალით გადაიყვანოს ვინმე“.

რა აჯობებდა?

სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ქეთი ხუციშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამ შემთხვევას აფასებს ძალიან კომპლექსურ საკითხად, რომელშიც იკვეთება სისტემური გაუმართაობების ერთობლიობა. 

ის ფიქრობს, რომ თუკი სოცმუშაკებს არც დოკუმენტებს აჩვენებდა ადამიანი და მის გარშემოც არავინ არის, სასურველი იქნებოდა, მხარდამჭერი ქსელის მოძიება დაწყებულიყო, — სამეზობლოში, ნათესავებში გაკითხვა, — თუმცა ეს, მისი თქმით, დროის რესურსების საკითხს უკავშირდება, რაზეც უკვე თვეებია, პროფკავშირები საუბრობენ:

„არ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ასე უნდა დაეტოვებინათ, როგორც დატოვეს, თუმცა ის მოვალეობები — თემში მოძიება, გაკითხვა, კარდაკარ სიარული, ნათესავებთან დაკავშირება და ა.შ — ეს წაიღებს იმ დროის რესურსს, რაც სოციალურ მუშაკს არ გააჩნია. შეუძლებელია, 200 საქმე როდესაც გაქვს, ამ ტიპის სამუშაო ჩაატარო. მარტო განცხადებას ეცნობი, მიხვალ ოჯახში და მეორედ მისასვლელი არანაირი დროითი რესურსი უბრალოდ არ გააჩნიათ. ამიტომ არის სისტემური პრობლემა: იმის ნაცვლად, რომ კარგად ჩაეძიო ერთ შემთხვევას, სრულფასოვნად იმუშაო, უბრალოდ შეუძლებელია, ეს გააკეთო, რადგან იმავე დღეს 4-5 სხვა შემთხვევა გაქვს სოციალურ მუშაკს. გამორიცხულია, ვინმეს ემუშავა ასეთ შემთხვევაში“. 

საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველა უწყების [შსს, სასწრაფო] ჩართულობა უკეთესი იქნებოდა, ამბობს ქეთი ხუციშვილი, რადგან ნათელი მაინც გახდებოდა, რომ „ყველა რესურსი მოსინჯული იყო, მიუხედავად იმისა, რომ რთული სათქმელია, როგორი განვითარება იქნებოდა“. თუმცა ის მიუთითებს, რომ საჭიროა, სურათისთვის შორიდან შეხედვა და სოციალური მომსახურების სისტემის გაუმართაობების შემჩნევა.

პრევენციის საჭიროება

ასეთ სისტემურ პრობლემად  კოტე ერისთავი, სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC-ის) სოციალური პროგრამის დირექტორი, მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირების მექანიზმის არარსებობას ასახელებს.

„სახელმწიფოს  – არც მერიას, ანუ თვითმმართველობას და არც სოციალური მომსახურების სააგენტოს- არ აქვს იდენტიფიცირების მექანიზმი. მუშაობს მხოლოდ რეფერალის სისტემა, ანუ მხოლოდ მესამე პირების მიმართვით ხდება მსგავსი შემთხვევების შესწავლა. თავად სახელმწიფო სტრუქტურები ამ მიმართულებით პროაქტიურად არ მუშაობენ“, — გვეუბნება ის.

კოტე ერისთავის თანახმად, დროულად უნდა ხდებოდეს მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება: „სახელმწიფო არ უნდა მოქმედებდეს ბოლო ეტაპზე, ის რეაქციული არ უნდა იყოს. პრევენცია არის სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია, რასაც ამ ეტაპზე არ ასრულებს. პრევენცია უსახლკარობის, გამწვავებული ფსიქიკური მდგომარეობის და ა.შ.. სწორედ სერვისების არარსებობასა და პრევენციის მექანიზმების ხარვეზიანობას მივყავართ ამ სიტუაციამდე“.

სათემო სოციალური მუშაკი

ქეთი ხუციშვილიც და კოტე ერისთავიც ახსენებენ „სათემო სოციალური მუშაკის“ ცნებას, რაც, მათი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს საქართველოში. ხუციშვილი ამ ცნებას ასე განმარტავს: 

„სათემო სოციალური მუშაკი არის სოციალური მუშაკი, რომელსაც მიბარებული ექნება ესა თუ ის უბანი და უკვე გამწვავებულ შემთხვევებზე კი აღარ ირეაგირებს, როდესაც შესაძლოა აღარც აქვს აზრი ჩარევას, არამედ პრევენციული მიმართულებით იმუშავებს… ერთი წელი რომ ადამიანს შუქი არა აქვს, ერთი წლის მერე კი არ გაიგოს ამის შესახებ, როდესაც უკვე გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება დადგეს, არამედ თავიდანვე ჩაერთვება და არ მივა ასეთ სავალალო მდგომარეობამდე საქმე“.

ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ სოციალური მუშაობის შესახებ კანონი ითვალისწინებს 2021 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სოცმუშაკების გაჩენას. ეს პროცესი, მისი თქმით, 2021 წლიდან კი დაიწყება, თუმცა, „როდის დასრულდება, როგორ განვითარდება, რა ფუნქცია-მოვალეობებს შეითავსებენ სათემო სოციალური მუშაკები, ჯერჯერობით არ ვიცით“. 


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს (ეს ერთ-ერთი სტანდარტული მუხლია, რომლითაც ადამიანის დაღუპვის შემდეგ იწყებენ გამოძიებას).

მასალების გადაბეჭდვის წესი