ეს კომენტარი თედო ჯაფარიძემ სწორედ საბჭოს სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გახდა ამ საბჭოს შექმნა საჭირო, თუ საგარეო უწყება გამართულად მუშაობს და ხომ არ არის ამის მიზეზი პრობლემები საგარეო კუთხით, ჯაფარიძემ განაცხადა:
“მე პირარად არ მგონია, რომ ხელისუფლებას რამე პრობლემა ჰქონდა[საგარეო მიმართულებით], პირიქით. ძალიან წარმატებული იყო ამ მიმართებით გასული წელი.
საგარეო პოლიტიკა სწორედ ის პროცესია, სადაც ჩვენ გვჭირდება მეტი კოორდინაცია, მეტი შეთანხმება, მეტი დებატები, მეტი დისკუსიები. საგარეო უწყება, რა თქმა უნდა, მუშაობს გამართულად, მაგრამ საბჭო იქმნება არა იმიტომ, რომ რომელიღაც უწყება, კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მუშაობს კარგად, პირიქით, რომ საგარეო უწყებამ, თავად საბჭომ, ბევრად ეფექტიანად და კოორდინირებულად იმუშაონ”.
საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხვა წევრებს სხდომის დაწყების წინ კომენტარი არ გაუკეთებიათ. საბჭოს შექმნა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებაც 6 იანვარს გახდა ცნობილი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.