ახალი ამბები

დეკანოზი ჯაღმაიძე აშშ-ის საელჩოში გადაღებულ ფოტოს პროვოკაციად აფასებს

5 ივლისი, 2019 • 1614
დეკანოზი ჯაღმაიძე აშშ-ის საელჩოში გადაღებულ ფოტოს პროვოკაციად აფასებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რა ვითარებაში იყო გადაღებული 3 ივლისს აშშ-ის საელჩოში “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებისა და მღვდელმთავრების შეხვედრის ამსახველი ფოტო და პროვოკაციაზე საუბრობს.

დეკანოზი ჯაღმაიძე აშშ-ის საელჩოში გადაღებულ ფოტოსთან ერთად აქვეყნებს სერგეი გავრილოვის ფოტოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და წერს, რომ “ერთი ძალის მოგონილია ეს ორივე სცენარი”.

“რა მოხდა აშშ-ს საელჩოში? თავდაპირველად მინდა შევახსენო მკითხველს, რომ საპატრიარქო ორი კვირა თავს იმართლებდა იმ სამიტის გამო, რომელიც მას არ დაუორგანიზებია, და გავრილოვის გამო, რომლის მოწვევაც საპატრიარქოსთვის არავის შეუთანხმებია. ახლა კი, ფაქტობრივად, აშშ-ის საელჩოს სტუმრების სიის გამო ისევ საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი?” – კითხულობს ანდრია ჯაღმაიძე.

დეკანოზის შეფასებით, “ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო ამ მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის”.

“სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი და ბანალურია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, რა გასაკვირია და, საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ. იქ აღმოჩნდნენ აღნიშნული ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და რაღაც მომენტში ასევე სტუმრად მიწვეულ ჩვენს მღვდელმთავრებთან მივიდნენ. სავარაუდოდ, ფოტოს გადაღებაზე წინასწარვე იზრუნეს და ეს შემთხვევით შერჩეული კადრი არაა”, – წერს დეკანოზი ჯაღმაიძე.

რაც შეეხება საუბრის შინაარსს, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი ეკლესიასთან ურთიერთობისა და “მღვდელმთავრებმა უპასუხეს, რომ ეკლესია მუდამ მზადაა ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ, მის მოსაქცევად და მონანულს ყოველთვის სიხარულით იწყნარებს, ხოლო რაც შეეხება ცოდვის პოპულარიზაციას, ეს შეუწყნარებელია”.

“ეკლესია მუდამ კატეგორიული და შეუვალია ცოდვის განსაზღვრასთან, გამოაშკარავებასთან დაკავშირებით, მუდამ სიფხიზლეს გამოიჩენს და ძალიხმევას არ დააკლებს მის განსაკურნებლად. მღვდელმთავრებმა საუბარში განუმარტეს მათ, რომ ე.წ. პრაიდის გამართვა არის ცოდვის პოპულარიზაცია, ძალადობა საზოგადოებაზე და სრულიად დაუშვებელია. სჯობს გავიაზროთ, რომ ერთი ძალის მოგონილია ეს ორივე სცენარი და ჩვენს ემოციურ ბუნებაზე გათვლილი პროვოკაციაა, რომელსაც ეკლესიის სამტროდ იყენებენ. დავაკვირდეთ, მიზანი ერთია, როგორმე საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობა შემცირდეს”, – წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ Facebook-ში.

“ნეტგაზეთს” დეკანოზმა ჯაღმაიძემ უთხრა, რომ ზემოაღნიშნული არის მისი პირადი პოზიცია და დიდი ინტერესის გამო სიტუაცია აღწერა.

3 ივლისს აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავი აღნიშნეს, სადაც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მღვდელმთავრებსა და პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს შეხვდნენ. ფოტო გამოცემა On.ge-მ გაავრცელა.

ამავე თემაზე:

ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენეთ – თაბაგარი მღვდელმთავრებთან ფოტოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი