სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში ზეიმობენ შობას და ნათლისღების დღესასწაულს.
სომეხ ხალხს შობა და ნათლისღება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
“გულითადად ვულოცავ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს.
ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ ვქმნიდით საკუთარ ისტორიას, ვამყარებდით ურთიერთპატივისცემას, ძმობას, სიყვარულს და მჯერა, სწორედ ამ გზით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას,”– ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ვაზგენ მირზახანიანმა თავის საახალწლო და საშობაო მიმართვაში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები გიორგი მარგველაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილთან, სადაც საქართველოს სომეხი მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები განიხილეს.
“დაე, ბეთლემის წმიდა ბაგაში განხორციელებულმა უფალმა დალოცოს ქრისტეს მოყვარული და პატრიოტი ჩვენი ხალხი, მშვიდობიანად ამყოფოს სომხეთისა და საქართველოს ცა, გაათბოს სომხებსა და ქართველებს შორის არსებული ათასწლეულების მეგობრობა, გააძლიეროს სომეხთა სამოციქულო და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათა თანამშრომლობა, მორწმუნეთა სულიერი სიხარულისა და საოჯახო ბედნიერებისათვის,”– ნათქვამია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საახალწლო და საშობაო მიმართვაში.
