შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, შალვა ენუქიძის განცხადებით, ცხედარი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე არის გადასვენებული.
“ამ დროისთვის ჩვენ მიერ ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს დავით ბაშარულის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან. ცხედარი ნაპოვნი იქნა ოკუპირებულ ტერტორიაზე, ჩვენ მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, აქედან გამომდინარე, როგორც კი დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლების ძალოვნებმა ამის შესახებ შეიტყვეს, ცხედარი გადაასვენეს ცხინვალის პროზექტურაში,“– განაცხადა შალვა ენუქიძემ “ნეტგაზეთთან” საუბისას.
გაუჩინარებული ბაშარულის მშობლების ინფორმაციით, რომელიც თავის დროზე სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ დავით ბაშარულს მილიციამ 4 ივნისს მიაკითხა უბანში მომხდარ ქურდობის ფაქტზე დასაკითხად. მილიციამ ის წაიყვანა, რის შემდეგაც ბაშარული დღემდე გაუჩინარებულად ითვლებოდა.
ახალგორის გამგებელის, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, 4 იანვარს სოფელ დოლიანში (სოფელი ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე) მწყემსმა შენიშნა ხეზე ჩამოკიდებული გვამი, რომელიც დიდი ალბათობით დავით ბაშარულს ეკუთვნოდა.
ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ცხედარი დავით ბაშარულის გაუჩინარების დროიდან რომ ყოფილიყო ხეზე ჩამოკიდებული, მას აუცილებლად შეამჩნევდა სოფლის მოსახლეობა:
“ეს რომ ყოფილიყო თავიდანვე, ანუ როცა გაუჩინარდა, მაშინ ყოფილიყო იქ ჩამომხრჩვალი, სუნს აუცილებლად იგრძნობდა სოფლის მოსახლეობა. მწყემსები პირუტყვს სწორედ ამ ტერიტორიაზე აბალახებენ, სადაც ეს გვამი აღმოჩნდა და, ბუნებრივია, ზაფხულის დღეებში, სიცხეებში აუცილებლად სუნი იქნებოდა და ამის მიხედვით იპოვიდნენ. მით უმეტეს, როცა მთელი სოფელი და მთელი ახალგორი, ვინც იქ არის დარჩენილი, ეძებდნენ ამ პიროვნებას. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლებელია ეს უფრო ადრე მოხდა, სადღაც იყო გვამი დაკრძალული თუ დამალული, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ალბათ ჭირდებოდათ იმათ, ვინც ეს გააკეთა და ახლა აღმოჩნდა უცებ ხეზე ჩამოკიდებული.
შალვა ენუქიძის განცხადებით, დავით ბაშარულის გარდაცვალების დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. მისი თქმით, ჯერ უცნობია, თუ როდის მოხერხდება ცხინვალიდან ცხედრის გადმოსვენება.