გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მოძრაობა აიკრძალა ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ნინოწმინდიდან სომხეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სამებამდე“.
შეზღუდვა მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზეც, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო აკრძალულია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაბა ფასანაურიდან. ასევე, უგზოობის გამო დროებით შეზღუდულია მიმოსვლა, როგორც ქვეყანაში შემომავალი, ისე ქვეყნიდან გამავალი ყველა სახის ავტომობილებისთვის დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასები დაიწყებს გავრცელებას. 8 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და შესაძლებელია მთელ საქართველოში ითოვოს კიდეც. 8-9 იანვარს გაძლიერდება ყინვები.
meteo.gov.ge-ის მონაცემებით,ამინდის გაუმჯობესება 10 იანვრიდან არის მოსალოდნელი.