ახალი ამბები

ერდოღანს სურს, უნივერსიტეტების ნაწილში ქალთა და ვაჟთა ცალ-ცალკე სწავლის პრაქტიკა აღადგინოს

4 ივლისი, 2019 • 1858
ერდოღანს სურს, უნივერსიტეტების ნაწილში ქალთა და ვაჟთა ცალ-ცალკე სწავლის პრაქტიკა აღადგინოს

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ქვეყანაში სურს უნივერსიტეტების გახსნა, სადაც მხოლოდ ქალები ისწავლიან. ამის შესახებ მან ანკარაში, უცხოელი სტუდენტების გამოსაშვებ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ერდოღანმა მაგალითად იაპონია მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, 800 უნივერსიტეტიდან 80 მხოლოდ ქალებისთვისაა. ერდოღანს იდეა იმდენად მოეწონა, რომ თურქეთის განათლების უწყებას ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაავალა.

“დიდი ოცეულის სამიტის მსვლელობისას ვნახე, რომ იაპონიის 800 უნივერსიტეტიდან 80 ქალებისთვისაა. ისინი მოიცავენ მხოლოდ ქალებს. მინდა, ვუთხრა უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსს, იმუშავეთ შესაბამისად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თურქეთმა ასეთივე ნაბიჯი უნდა გადადგას”, – აღნიშნა მან და დაამატა:

“ჩვენს ქვეყანაში იყო უმაღლესი სკოლები გოგონებისა და ბიჭებისთვის. შემდეგ შეურიეს. ახლა ვართ პერიოდში, როცა ეს [პრაქტიკა] უნდა აღვადგინოთ”.

ციტატას თურქული მედია, მათ შორის, გაზეთი “ჯუმჰურიეთი” ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტი და “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” ლიდერი ერდოღანი არც აქამდე მალავდა სიმპათიებს მსგავს მოდელზე დაფუძნებული განათლებისადმი. მაგალითად, გაზეთ “აჰვალის” თანახმად, გასულ წელს სახელმწიფოსგან 68%-ით გაეზარდათ დაფინანსება იმამ ჰათიფის რელიგიურ სკოლებს, რომლებიც გენდერულად გამიჯნულია.

იაპონიაში კი, რომელიც ერდოღანმა მაგალითად მოიყვანა, ასეთი სასწავლებლების რიცხვი მნიშვნელოვნად კლებულობს. “Japan Times” ჯერ კიდევ 2012 წელს წერდა, რომ 20 წლის განმავლობაში, 1989-დან 2011 წლამდე, მსგავსი სკოლების რაოდენობა ქვეყანაში განახევრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი