ახალი ამბები

2012-ში კლინიკის კოლექტივს მოვუწოდებდი, ხმა “ოცნებისთვის” მიეცათ – ანზორ მელია

4 ივლისი, 2019 • 2299
2012-ში კლინიკის კოლექტივს მოვუწოდებდი, ხმა “ოცნებისთვის” მიეცათ – ანზორ მელია

ნიკა მელიას მამა ექიმი ანზორ მელია “რუსთავი 2”-ის ეთერში ყვება, თუ როგორ უჭერდა მხარს “ქართულ ოცნებას”2012 წელს.

მხარდაჭერის გარდა, როგორც ანზორ მელია ამბობს, თანამშრომლებსაც მოუწოდებდა, ხმა ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის მიეცათ, მაშინ როცა მისი შვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა. ნიკა მელიას თქმით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს მამამისი საკუთარი კალმით მივიდა არჩევნებზე.

“მთელ ჩემს 200-კაციან კოლექტივს [კლნიკა “გული”] ყოველდღე მოვუწოდებდი, რომ აუცილებლად “ოცნებას” უნდა მივცეთ-მეთქი ხმა. ვამბობდი, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ხსნა, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთის მიერ გამოგზავნილი… [არჩევნებამდე] ერთი კვირით ადრე გავათავისუფლე თანამშრომლები, რათა სოფლებში ხმა მიეცათ. ვუთხარი წადით და ხმა მიეცით [ქართულ ოცნებას]. მაგრად ვიმუშავე… არჩევნების დღეს [2012 წლის პირველ ოქტომბერს] 8 საათზე ავდექი, გავვარდი და ჩიტაძის ქუჩაზე ხმა მივეცი. ნიკას ვუთხარი, დღეს ყველას “დაგერხევათ-მეთქი”, – ამბობს ანზორ მელია.

ანზორ მელიასვე განცხადებით, როდესაც 2012 წლის არჩევნებამდე ზუგდიდში “ქართული ოცნების” მიტინგის გაიმართა, ისიც პირადად ესწრებოდა და ხის უკან იმალებოდა, რომ კადრებში არ გამოჩენილიყო.

მისივე თქმით, დღეს უკვე ნანობს, “ქართულ ოცნებას” რომ უჭერდა მხარს და მის მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანია:

“დღეს ჩემი თავი მეზიზღება და ვამბობ, როგორ შეიძლებოდა ამხელა კაცს ასე გულუბრყვილოდ დაეჯერებინა ამ ადამიანისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის]  და შვილის წინააღმდეგ გავლაშქრებულიყავი. ჩემ მსგავსად [მხარდაჭერას] ბევრი ნანობს”, – ამბობს ანზორ მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი