ახალი ამბები

20 ივნისის აქციის გამოძიებას ამბოხების კვალიფიციკაციაც დაემატა

4 ივლისი, 2019 • 1164
20 ივნისის აქციის გამოძიებას ამბოხების კვალიფიციკაციაც დაემატა

საქარველოს პროკურატურის ინფორმაციით, 20-დან 21 ივნისის ღამის გამოძიებაზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და მას ამბოხების ნაწილიც დაემატა. უწყება ამბობს, რომ ამ საქმეზე, შესაძლოა, ბრალდბულთა რიცხვი გაიზარდოს.

“ამ ეტაპისთვის გამოძიების პროცესში ჩატარებული დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების, მოპოვებული მტკიცებულებების და ათეულობით მოწმის ჩვენებების  ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანო მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება.

დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით.

შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.  უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი, რის თაობაზეც საზოგადოება იქნება პერიოდულად ინფორმირებული“,- ამბობს პროკურატურა.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას მიმართ. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. საქმეზე ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები. პროკურატურის თქმით, ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება მისცა 60-მდე პირმა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ გრძელდება გამოძიება აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზეც. მათი თქმით, გამოძიებსი ფარგლებში სამედიცინო ისტორია გამოთხოვილია 15 საავადმყოფოდან, სადაც დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და სამართალდამცველები გადაიყვანეს.

“სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან გამოთხოვილ იქნა პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულ ფაილს აჭარბებს. აღნიშნული მასალის შესწავლა და ანალიზი  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო დანაყოფები, მოპოვებულია კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი ვიდეომასალა.

გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 20-21 ივნისს განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით,“- ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიება მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი