ახალი ამბები

ოქრუაშვილი მზად არის სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდეს

4 ივლისი, 2019 • 1090
ოქრუაშვილი მზად არის სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდეს

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მზად არის ნებისმიერ დროს სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდეს.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ იმყოფება, გამგზავრებამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით შეატყობინა, რომ საქართველოს ტოვებდა და თუ მისი გამოკითხვა სურდათ, დროულად ეცნობებინათ. ოქრუაშვილის მტკიცებით, სამინისტროდან მის წერილს არავინ გამოხმაურებია.

“26 ივნისს დამიბარეს საღამოს [გამოკითხვაზე], რაზეც უარი ვუთხარი, რადგან მათი გამოკითხვის ფორმას მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვას ვამჯობინებდი. მას შემდეგ არანაირი პასუხი არ მიმიღია. 28 ივნისს წერილობით მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ თუ რაიმე ფორმით აპირებდნენ ჩემს საგამოძიებო პროცესში მონაწილეობას, დროულად ეცნობებინათ. რადგან 2 ივლისს საზღვარგარეთ ვაპირებდი გამგზავრებას. თუ დამიბარებენ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმა ვარ. თუ არა, როცა ჩამოვალ, ნებისმიერ დროს გამაგებინონ,”-უთხრა “რუსთავი 2”-ს ოქრუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ გიგი უგულავას, გია ბარამიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის მიერ მოხდეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართვაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამ პირებმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად მისვლაზე. შსს-ს ინფორმაციითვე, უგულავას, ბარამიძისა და ოქრუაშვილის გამოკითხვა პროკურატურის მიერ იგეგმება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი