ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი: კარასინმა შავად იხუმრა, ომის საფრთხე არ არსებობს

4 ივლისი, 2019 • 1836
პაატა ზაქარეიშვილი: კარასინმა შავად იხუმრა, ომის საფრთხე არ არსებობს

2-3 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართა. დევნილების დაბრუნების საკითხზე აღნიშნული დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან  მოლაპარაკებები დატოვეს, რაც, თბილისის შეფასებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული თემის მიმართ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკების ალტერნატივა მხოლოდ ომია.
“ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა: ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. ან არის ჟენევაში შეხვედრა, ან შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა და ომი. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები საუკეთესო ხერხია სამხრეთ კავკასიაში ნევროზისა და ნეგატივის დაგროვების წინააღმდეგ”, – განაცხადა კარასინმა.

არის თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ეს განცხადება ფარული მუქარა საქართველოსადმი? შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კარასინის მიერ ჟენევის დისკუსიების ალტერნატივად ომის ხსენება “უხეში ხუმრობაა”, თუმცა რეალობის აღწერასთან საერთო არაფერი აქვს.

“რაც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოხდა, არის ტიპური, ბანალური სიტუაცია ჟენევაში – როგორც კი დევნილების საკითხები განიხილება, წარმომადგენლები ცხინვალიდან, სოხუმიდან, მოსკოვიდან ტოვებენ ხოლმე სხდომათა დარბაზს. ეს პირველად არ მომხდარა და, როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება დიდხანს. რაც შეეხება კარასინის განცხადებას, არ ვთვლი, რომ ეს მუქარაა. ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ყველგან მუქარას ეძებს, მაგრამ ეს უფრო იდიომატური გამოთქმაა, რომელიც არ უხდება დიპლომატს და არ უნდა ეთქვა. ეს განცხადება უფრო კარასინზე მეტყველებს – უხეში იუმორი ჰქონია – და არ მეტყველებს რეალობაზე.  კარასინმა შავად იხუმრა, რეალობა არ არის ასეთი, რომ ან ჟენევა იქნება და ან ომი. ომის არანაირი საფრთხე დღეს არ არსებობს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ჟენევის დისკუსიების არაეფექტურობის გამო ხშირად ისმება კითხვები მისი ალტერნატივის შესახებ.

“მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჟენევის დისკუსიები არ ამართლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაიხუროს. ჟენევის მოლაპარაკებებს აღვიქვამ როგორც სარკეს, სადაც ჩანს, რამე ხდება თუ არ ხდება. მორიგ რაუნდზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა კრიზისული ვითარება და საჭიროა, მხარეებმა ეძებონ გამოსავალი კრიზისიდან. როგორც მე ვატყობ, ჟენევის ფორუმი დღეს არის უფრო ყრუების ფორუმი, სადაც მონოლოგებს კითხულობენ და არანაირი დიალოგი არ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მეც კრიტიკული ვარ ჟენევის დისკუსიების მიმართ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მისი არსებობა ეჭვქვეშ დადგეს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე, დევნილების საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით, საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი