ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში პარტიები არაკონსტიტუციურად აფასებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ქართული ოცნებისგან“ კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შინაპატიმრობის დაწესებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს“,- წერია განცხადებაში.
პარტიებს მიაჩნიათ, რომ, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებმაც ამ მოსამართლეებს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
განცხადებას ხელს აწერენ:
ახალი მემარჯვენეები
ახალი საქართველო
ახალი ქრისტიან-დემოკრატები
გამარჯვებული საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ევროპული დემოკრტები
ევროპული საქართველო
ემსახურე საქართველოს
თავისუფალი დემოკრატები
კანონი და სამართალი
ლეიბორისტული პარტია
რესპუბლიკური პარტია
სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის
სახელმწიფო ხალხისთვის
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
ქრისტიან-კონსერვატორები
28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე და მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გირაოს შეფარდებას პატიმრობის ნაცვლად ითხოვდა ნიკა მელიას ადვოკატი. მელიას თავდებში უდგებოდა დეპუტატების ნაწილი.
საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.