ახალი ამბები

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

3 ივლისი, 2019 • 1931
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ინფორმაცია თავდაპირველად რ2-მა გაავრცელა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მიზეზი 20-21 ივნისის მოვლენების ირგვლივ მიმდინარე გამოძიებაა. ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება დროებით სწორედ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერეს.

ყაყიჩაშვილი ამ თანამდებობაზე 2018 წელს, გახარიას მინისტრობისას დაინიშნა. 20 ივნისის დარბევაში ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს დეპარტამენტი იღებდა მონაწილეობას.

ყაყიჩაშვილი 2015 აგვისტოდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2014–2015 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 2010-2013 წლებში იგი საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იყო სნაიპერების სამსახურის უფროსი, საბრძოლო სპეცდანაყოფის უფროსი, დაგეგმარების უფროსი, სნაიპერებისა და საბრძოლო დანაყოფების ინსტრუქტორი. 2000-2010 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი იყო საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ობიექტებისა და პირადი დაცვების სამმართველოს დაცვის უფროსი, საქართველოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების სამმართველოს საბრძოლო სამსახურის ჯგუფის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების პირადი დაცვის, სტრატეგიული შენობა-ნაგებობების დაცვის, სპეცილური დანიშნულების დანაყოფის ჯგუფის უფროსი და საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერაციების (კონტრტერორისტული ) ცენტრის ქვედანაყოფის უფროსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი