ახალი ამბები

საჭიროა 20 ივნისის მოვლენების დაბალანსებული გამოძიება — აშშ-ის ელჩის მ/შ

3 ივლისი, 2019 •
საჭიროა 20 ივნისის მოვლენების დაბალანსებული გამოძიება — აშშ-ის ელჩის მ/შ

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი აცხადებს, რომ საჭიროა 20 ივნისის მოვლენების დაბალანსებული გამოძიება.

„20 ივნისის მოვლენები საჭიროებს სიღრმისეულ და დაბალანსებულ გამოძიებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას“, — განუცხადა ელიზაბეტ რუდმა ჟურნალისტებს 3 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის საელჩოში.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი