ახალი ამბები

კლუბიდან ჩვენი გარიცხვა რუსეთის რაგბის ფედერაციამ მოითხოვა – მორაგბე რეზი ბროძელი

3 ივლისი, 2019 • 1212
კლუბიდან ჩვენი გარიცხვა რუსეთის რაგბის ფედერაციამ მოითხოვა – მორაგბე რეზი ბროძელი

მორაგბე რეზი ბროძელის ინფორმაციით, რუსული კლუბიდან მისი და საბა ილურიძის გარიცხვა რუსეთის რაგბის ფედერაციამ მოითხოვა.

ორი ქართველი მორაგბე რუსული სარაგბო კლუბ „სლავადან“ გარიცხეს. რეზი ბროძელსა და საბა ილურიძეს კონტრაქტი მას შემდეგ გაუწყვიტეს, რაც „ყუბანთან“ გატანილი ლელოს დროს თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობის ნიშნად ცალ თვალზე ხელის აფარებით გამოეხმაურნენ.

რეზი ბროძელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციამ პირდაპირ ამ ჟესტის გამო მოითხოვა კლუბისგან ქართველ მორაგბეებთან კონტრაქტის გაწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, დაჯარიმდებოდა როგორც კლუბი, ასევე, ინდივიალურად რეზი და საბა.

როგორც რაგბი TV-სთან საუბრისას რეზი ბროძელი აცხადებს, საკუთარ ხალხს გამოუცხადა სოლიდარობა და არა პოლიტიკოსებს, ხოლო მათ ჩათვალეს, რომ ჟესტი პოლიტიკურად იყო დატვირთული და რუსეთზე ჰქონდა გართულება.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არ აპირებს სამართლებრივი დავის დაწყებას, ბროძელმა გვიპასუხა, რომ ახლა შეხვდება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს და ამის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს რაგბის კავშირს. როგორც პრეს-სამსახურში გვითხრეს, რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. მათ გამოითხოვეს ფაქტის ოფიციალური საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ რაიმე სახის კომენტარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი