ახალი ამბები

მოვუწოდებთ მთავრობას, Ryanair-თან კონტრაქტის დადება აღარ გააჭიანუროს – კანდელაკი

3 ივლისი, 2019 • 1117
მოვუწოდებთ მთავრობას, Ryanair-თან კონტრაქტის დადება აღარ გააჭიანუროს – კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გააჭიანუროს Ryanair-თან ხელშეკრულების დადების პროცესი, რადგან დაბალბიუჯეტიანი ავრიაკომპანია საქართველოში ბევრ ტურისტს შემოიყვანს.

კანდელაკის თქმით, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მაღალმხარჯველიან ტურისტებს ჩამოიყვანს და ბაზარზე უფრო მეტად ხარისხიანი სერვისის მოთხოვნას გააჩენს.

“ევროპელი ტურისტები, მაგალითად, გერმანელები, ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე რუსი ტურისტები. ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას, აღარ გააჭიანუროს დაბალბიუჯეტიან კომპანია ,,Ryanair”-თან კონტრაქტის ხელმოწერა, მოაწეროს ხელი ამ კონტრაქტს და გაიყვანოს ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე, დაგეგმილ
მგზავრთა ნაკადზე. ,,Ryanair”-ს უნდა დაეწყო ფრენა ქუთაისში 2013 წელს და დღეს, ცხადია, ბევრად უფრო დიდი შემოსავალი იქნებოდა საქართველოში. „Ryanair“ -ს შეუძლია საქართველოში მილიონი პირობითი „გერმანელი“ ჩამოიყვანოს, რომლებიც რუსებზე
ბევრად მეტ ფულს ხარჯავენ. ცხადია, მათ სხვა მოთხოვნები აქვთ, მაგრამ მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას და ჩვენი ტურისტული სექტორი, დარწმუნებული ვარ, სწრაფად მოერგება მათ მოთხოვნებს”,-აცხადებს კანდელაკი.

28 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები გრძელდება და იმედს გამოთქვამს, რომ ავიაკომპანია ფრენებს საქართველოში 2020 წლიდან დაიწყებს, რისი დიდი ალბათობაც, მისი თქმით, არსებობს:

“ჩვენ უნდა გვესმოდეს სპეციფიკა. იმისთვის, რომ 2020-ში დაიწყოს რაინეარის ფრენები და ამის ძალიან, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, ჩვენ 2019-ის ბოლომდე ინტენსიურად უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, 2019-ის ბოლომდე მოვრჩებით და 2020- დან დაიწყება ფრენები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი