დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.
რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჯაბაროვის აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე ანტირუსული გამოსვლების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.
“ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტის მობოდიშება რუსეთისადმი”, – განაცხადა ჯაბაროვმა “რია ნოვოსტის” ცნობით.
მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს პროცესებზე კონტროლის დაამყარებას, ქვეყანაში შეიძლება ისეთი ძვრები მოხდეს, რაც უკრაინაში.
“თუ ქვეყნის საღად მოაზროვნე ხელმძღვანელობა ვერ იპოვის საკუთარ თავში ძალას, შეაჩეროს ეს პროცესები, საქართველოს, შესაძლოა, ისეთივე რყევები ელოდოს, როგორიცაა უკრაინაში. მაგრამ ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე, იქ შედეგები უფრო მძიმე შეიძლება იყოს, რასაც არავითარ შემთხვევაში არ ვუსურვებ ქართველ ერს”, – განაცხადა დეპუტატმა.
ანტისაოკუპაციო გამოსვლები 19 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელმაც 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე მიმართა. გენერალური ასამბლეის სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენლება სპიკერატი დაიკავეს და ასამბლეას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ამავდროულად, პარლამენტის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.