ახალი ამბებისამართალი

გიგა მაქარაშვილს მოკვლით ემუქრებიან

2 ივლისი, 2019 • 2097
გიგა მაქარაშვილს მოკვლით ემუქრებიან

20 ივნისის მოვლენების შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორსა და სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ამ დროისთვის გიგა მაქარაშვილი პოლიციაში იმყოფება, სადაც მუქარის შესახებ განცხადება შეიტანა.

ე.წ. სქრინშოტში, რომელიც გიგა მაქარაშვილმა დღეს გამოაქვეყნა, ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი ლანძღავს პარლამენტთან მიმდინარე აქციას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება ორგანიზატორს.

გიგა მაქარაშვილი ანტისაოკუპაციო აქციებისა და კამპანიების ერთ-ერთი ორგანიზატორია. სამოქალაქო აქტივისტი საქართველოში წლებია სვადასხვა პერფონმანსებს ატარებს კრემლის პოლიტიკის გასაპროტესტებლად.

მაქარაშვილმა ოკუპაციის გასაპროტესტებლად კამპანია “არ გაჩერდე საქართველო” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც თბილისიდან ოკუპირებულ ტერიტორიებამდე ფეხით მიემართება.

  • პირველი მსვლელობა 2018 წელს მოაწყო. 13-დღიანი მსვლელობის შემდეგ, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ენგურის ხიდთან ჩავიდა. მაქარაშვილმა მსვლელობა თბილისიდან ენგურის ხიდამდე 14 სექტემბერს დაიწყო.
  • მეორე მსვლელობა 2019 წელს დაიწყო გორიდან მესტიამდე. ეს მსვლელობა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დასრულდა.

შემდეგ მსვლელობას მაქარაშვილი ბრიუსელში აანონსებს და აცხადებს, რომ ფეხით 4720 კილომეტრს გაივლის და ბელგიის დედაქალაქში მდებარე ნატოს შტაბბინასთან მივა:

შემდეგი მსვლელობა იქნება შემდეგ წელს! ჩავალ ბრიუსელში, ნატოს შტაბბინასთან, 4720 კილომეტრს გავივლი 6 თვეში, მივიტან თქვენს გზავნილს!”,– წერს გიგა მაქარაშვილი და ამატებს, რომ გზავნილი საქართველოს ნატოში გაწევრების მოთხოვნა იქნება.

გიგა მაქარაშვილი მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ერთ-ერთი დამფუძნებელია.

გიგა მაქარაშვილი ერთ-ერთი ინიციატორია იდეისა და პეტიციის, რომლითაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი ეწოდოს.

2018 წლის აგვისტოში მოსკოვის გამზირზე მაქარაშვილმა თანამოაზრეებთან უნებართვოდ შეცვალა ბანერი. ამ ფორმით მოქალაქეებმა თბილისის მერისა და საკრებულოს მიერ ათასობით ადამიანის მოთხოვნის უგულებელყოფა გააპროტესტეს.

“კარგად გადამიღეთ, რომ უკეთესაც მიცნოთ!” – სამოქალაქო აქტივისტი ამ ჟესტიკულაციით მიმართავს პროსახელისუფლებო ფეისბუკის გვერდებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციასა და ფოტოს, თითქოს გიგა მაქარაშვილი რუსეთში დადის კონფერენციებზე. პარლამენტთან რუსეთის ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ უწყვეტი აქციები მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთ ორგანიზატორიც სწორედ გიგა მაქარაშვილია. 26.06.2019. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი