პრემიერ-მინისტრმა“ტაბულას” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინის და საქართველოს საერთო მტერი, პროვოკაციული და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული შეკითხვა უწოდა და არ უპასუხა. მანამდე კი ჟურნალ “ლიბერალის” შეკითხვა თვითმმართველობებთან დაკავშირებით შეაფასა, როგორც ტენდენციური.
“ლიბერალის” ვებ-გვერდის რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტრატეგია იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რომელიც წინა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო:
“ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც წარმატებით დაიწყო წინა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პირდაპირ და ღიად ადანაშაულებდა ჟურნალისტებს არაპროფესიონალიზმში, არაკვალიფიციურობაში, რომ რაღაც სფეროებს და დარგებს არასაკმარისად ვიცნობთ და, შესაბამისად, არ გვყოფნის ცოდნა, სწორად დავუსვათ კითხვა მაღალი თანამდებობის პირებს. ეს არის ამ სულისკვეთების გაგრძელება, რომ ჟურნალისტები საზოგადოების თვალში წარმოვაჩინოთ ადამიანებად, რომლებიც სწორად ვერ სვამენ კითხვებს იმიტომ, რომ ძალიან ცოტა ან ცუდად იციან იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში”.
ლიკა ზაკაშვილის თქმით, ეს სტრატეგია ირაკლი ღარიბაშვილსაც აძლევს საშუალებას შეკითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს:
“თუკი შენ ოპონენტს ეუბნები და, როგორც წესი, ოპონენტივით ესაუბრება ხოლმე ჟურნალისტებს პრემიერი, რომ შენ არ იცი საკითხი, ეს უკვე წაგებულ მდგომარეობაში აყენებს ჟურნალისტს და ისიც ძალიან იოლად ახერხებს, რომ პასუხს თავი აარიდოს”.
დღევანდელი პრესკონფერენცია არ იყო გამონაკლი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ასეთ ფორმას არჩევს:
“რაც შეეხება თქვენს პათოსს დღეს კონფერენციისას, გამოირჩევით საყვედურებით, ცოტა შეურაცხმყოფელია, მე თუ მკითხავთ, [გვეკითხებით] ჩვენი კითხვებია თუ სხვისი კითხვები, ფონის დამძიმებაში ჩვენ გვადანაშაულებთ, რაც პრემიერ-მინისტრისგან არასწორია და გარკვეული მედიასაშუალებების დისკრედიტაციას ემსახურება”,- ასე უპასუხა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ივნისის თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც იგი პრემიერმა სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა მისი ნათესავის, თამაზ თამაზაშვილის რესტორანში გამასპინძლებისთვის გამოქვეყნებული მასალის გამო, რომელზეც სტატიის თანახმად, ბიუჯეტის ფული დაიხარჯა.
“შეიძლებოდა ცივილური ფორმით მასალაზე ან მთავრობის პრესსამსახურს ან თვითონ თამაზაშვილს გაეკეთებინა გამოხმაურება, თუ ის არ ეთანხმებოდა სტატიაში მოცემლ ფაქტებს, მათ შორის მიემართათ ეთიკის საბჭოსთვის, რადგან ასეთი თვითრეგულირების მექანიზმი საქართველოში არსებობს და ცნობადია. ესენი არც მაშინ და არც ახლა არ ირჩევენ ურთიერთობის ან საკითხის გარკვევის ამ ფორმას და პირდაპირ საჯაროდ ცდილობენ დაგაკნინონ და მოგაყენონ შეურაცხყოფა. გიწოდონ მატყუარა”, – ამბობს მთივლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
გელა მთივლიშვილიც ამბობს, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობის ეს ფორმა მოქმედმა პრემიერმა წინამორბედისგან აითვისა და ურთიერთობის ამგვარი მიდგომა მედიასაშუალებების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად:
“პრემიერის ამგვარი დამოკიდებულება მედიასთან განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება რეგიონებში. პრემიერის ამგვარ მოქმედებებს აქვს წამქეზებლური ეფექტი. როცა იგი გეძახის მატყუარას, მოგიხსენიებს სიცრუის ტირაჟირებაში ჩართულ პირად, ერთი მრივ, ამას შეიძლება ჰქონდეს დადებითი ეფექტი, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებაში წარმოჩინდე, როგორც ობიექტური ჟურნალისტი და არა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი. მეორე მხრივ, ხელისუფლებასთან აუცილებლად გირთულებს საქმიან ურთიერთობებს. მე ჩემს თავზე გადავიტანე ეს ყველაფერი, რადგან მაგის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში პრობლემები მქონდა ჩინოვნიკებთან ურთიერთობისას ინფორმაციის მიღების, კომენტარის მოპოვების მიმართულებით”, – ამბობს მთივლიშვილი.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ ფორმით მათთან საუბარი პოლიტიკურ სივრცეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დამკვიდრებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ქართველი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “ბლუმბერგის” მიერ დასმულ შეკითხვას ქვეყანაში კანონიერი ქურდების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა:
“ვინ დაგავალათ ამ კითხვის დასმა? სააკაშვილმა? ბოკერიამ?.. ეს არ არის სწორი კითხვა და მე მას არ ვუპასუხებ”.

ერთ-ერთი გამორჩეული შემთხვევა კი ივანიშვილის ბიზნეს-ცენტში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრას უკავშირდება, სადაც მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტები ფოსტალიონებს შეადარა. სწორედ ამ შეხვედრაზე ჰკითხეს მას, რატომ აქვს არჩეული კომუნიკაციის ასეთი ფორმა:
“ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ? ვისთან გადიხართ კონსულტაციას, სანამ გამოდიხართ? ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან?” – მიმართა ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ივანიშვილს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ სწორედ მისი არჩევანია კომუნიკაციის ასეთი სტილი მედიასთან:
“მე მზად ვარ ვუპასუხო თქვენს შეიკითხვებს და ამას ვაკეთებ გამუდმებით. თქვენ ნუ გგონიათ, რომ პასუხი მხოლოდ ჩვენგან უნდა მოითხოვოთ. როდესაც უარგუმენტოდ გამოთქვამთ შენიშვნებს, კეთილი ინებეთ და არგუმენტები მოიყვანეთ. აგერ ვარ, შეგიძლიათ მითხრათ, რა არ მოგწონთ, რა ვერ შევასრულეთ… ჟურნალისტებს ავიწყდებათ საკუთარი როლი. ჟურნალისტებს ავიწყდებათ თავისი წილი პასუხისმგებლობა”.
“საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა” – ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ რუხაძის აზრით, სწორედ ეს სტრატეგია აქვს ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან ურთიერთობისას არჩეული. თამარ რუხაძე ამ სტრატეგიის მიზნების ორ მიმართულებას გამოყოფს. ერთი მხრივ, ეს არის კითხვაზე პასუხის გაცემის არიდების საშუალება არა იმ მოტივით, რომ პასუხი არ გაქვს, არამედ იმ მიზეზით, რომ კითხვაა ცუდი, და მეორე მხრივ, ჟურნალისტების საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვაზე მუშაობა:
“ტენდენცია, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ქართული მედია არის არაკომპეტენტური და იმდენად არაკვალიფიციური, რომ კითხვასაც კი ვერ სვამს, ე.ი. რატომ უნდა დავიჯერო მისი მოყოლილი ამბავი, როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს ის. იდეაში, საბოლოო ჯამში, მედიისადმი საზოგადოების ნდობას ურტყამს ეს. თუ ხელისუფლებას არ მოსწონს მედიის მუშაობა, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ვარიანტია სტრატეგიის, როგორ მივაჩვიოთ საზოგადოება იმას, რომ ამ მედიას არ დაეჯერება”,- ამბობს რუხაძე.
მისივე თქმით, ხელისუფლების მედიასთან ბრძოლის ხელისუფლებისთვისვე წარმატებით დასრულების მაგალითები არ ახსენდება, თუმცა გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც საქართველოში არსებობს:
“მყიფე დემოკრატიის გათვალისწინებით, როგორიც ჩვენ გვაქვს, როდესაც მედია ისედაც არ არის ძალიან ძლიერი, არც მისი რეპუტაციაა იმდენად მაღალი, მართლა ყველაფერი დაეჯერებოდეს, ამ ფონზე, როდესაც მედიას ამ მიმართულებით ურტყამ, რა თქმა უნდა, ხელს უწყობ იმ უნდობლობის გაღვივებას, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ არსებობდეს”.
რა უნდა მოიმოქმედოს ჟურნალისტმა, რომელსაც პირდაპირი ეთერის და პრესკონფერენციის ფარგლებში, სადაც დრო შეზღუდულია პოლიტიკოსის მიერ წამოყენებული ბრალდებების საპასუხოდ? – თამარ რუხაძე პასუხობს:
“ნებისმიერმა პოლიტიკოსმა იცის, რომ ჟურნალისტი არ შედის მსგავს პოლემიკაში პოლიტიკოსთან და არ შედის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არ არის მისი, ასე ვთქვათ, მოედანი. როგორც კი ჟურნალისტი შევა ამ პოლემიკაში, რომელიც ცდება ფაქტებს, ინფორმაციას და მის პროფესიულ ჩარჩოს, რა თქმა უნდა, ის კარგავს ამ პროფესიულ უპირატესობას, ამიტომაც ჟურნალისტები არ გადადიან ამ ზღვარს. ეს ძალიან კარგად იციან პოლიტიკოსებმაც და ამიტომ მიჰყავთ საუბარი იქით, სადაც იციან, რომ ჟურნალისტები ვერ გადადიან და ბოლო სიტყვა არის მათი. მედია არ უნდა გადაყვეს მათ ამ პოლიტიკაში და კიდევ უფრო ძლიერად და მეტად გადამოწმებული, დაზუსტებული და უტყუარი ფაქტებით და ინფორმაციით უნდა იბრძოლოს უნდობლობის იმ მარცვლების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება არსებობდეს და რომელსაც შეიძლება ამგვარი პრესკონფერენციები თესავდეს. პრემიერს ან ხელისუფლებას კი არ დაუმტკიცოს, არამედ საზოგადოებას დანახოს, რომ ის არის იმ ფუნქციის მატარებელი მედია, რომლისაც უნდა იყოს”.







