ახალი ამბები

აქტივისტებმა სტამბოლის პრაიდი, აკრძალვის მიუხედავად , მაინც გამართეს

1 ივლისი, 2019 •
აქტივისტებმა სტამბოლის პრაიდი, აკრძალვის მიუხედავად , მაინც გამართეს

წელს სტამბოლის გუბერნატორმა ისევ არ გასცა ნებართვა ყოველწლიური ლგბტ პრაიდის მარშის ჩატარებაზე, თუმცა აკრძალვას აქტივისტებისთვის ხელი არ შეუშლია, ქალაქის ცენტრში ფერადი დროშებითა და მოწოდებებით გამოსულიყვნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები წელსაც გამოიყენა.

30 ივნისს ლგბტ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები ცენტრალურ თაქსიმის მოედანთან ახლოს, ისთიქლალის გამზირზე შეიკრიბნენ და პრესრელიზი წაიკითხეს, რომლითაც მედიასა და საზოგადოებას მათთვის დაწესებული კიდევ ერთი აკრძალვის შესახებ ამცნეს. მათ უკანონო და დისკრიმინაციული უწოდეს სტამბოლის გუბერნატორის მიერ მარშის აკრძალვას, რაც ბოლო 5 წელია, უცვლელ პრაქტიკად იქცა.

სტამბოლის პრაიდი. ფოტო: Ateş Alpar

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ, ვინც კრძალავენ ჩვენი პრაიდის მარშს დაკოპირებული მიზეზებით, როგორიცაა საზოგადოებრივი მშვიდობა და უსაფრთხოება, ტერორიზმი, საზოგადოებრივი მორალი და ჯანდაცვა, არ შეუძლიათ, მართონ სახელმწიფო”, – აცხადებდნენ ორგანიზატორები და აქვე დასძენენ:

“ჩვენი მოთხოვნები არ ხელყოფს საზოგადოებრივ მშვიდობას და არც უსაფრთხოებას ემუქრება. ჩვენი მოთხოვნები აუცილებელია კონსტიტუციური სახელმწიფოსთვის, რათა თანაბარი სამოქალაქო უფლებები გვქონდეს”.

Reuters-ის თანახმად, ორგანიზატორებმა პოლიციასთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ტექსტს წაიკითხავდნენ, შემდეგ კი მშვიდობიანად დაიშლებოდნენ. მალევე, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც ტექსტის წაკითხვის შემდეგ ადგილზე დარჩა.

სტამბოლის პრაიდი სათავეს 2003 წლიდან იღებს და უპრობლემოდ ტარდებოდა 2014 წლამდე, როცა მას რეკორდული რაოდენობის – 100 000-მდე ადამიანი დაესწრო. ამის შემდეგ გუბერნატორს, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის კადრია, ღონისძიების ჩატარებაზე ნებართვა აღარ გაუცია. იმ აქტივისტებს კი, რომლებიც აკრძალვას არ ემორჩილებიან, პოლიცია უპირისპირდება.

სტამბოლის პრაიდი. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ლგბტ თემს სოლიდარობა გამოუცხადეს თურქეთის იმ მუნიციპალიტეტების მერიებმა, სადაც 2019 წლის არჩევნებში ოპოზიციურმა, რესპუბლიკურმა პარტიამ” გაინმარჯვა. ლოზუნგით, “სიყვარული გაიმარჯვებს”, სოციალურ მედიაში მხარდამჭერი განცხადებები სტამბოლის რიგი უბნების გამგეობებმა, ასევე იზმირის, ედირნეს, ბოდრუმის, ქემალფაშასა და სხვა ქალაქების მერიებმა გამოაქვეყნეს.

სტამბოლის ახლად არჩეულმა მერმა ექრემ იმამოღლუმ კი საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი დემონსტრაცია დასაშვებია, თუ ის მშვიდობიან ხასიათს ატარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰკითხავდა გუბერნატორს, რის საფუძველზე არ გასცა ზემოაღნიშნული ნებართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი