ახალი ამბები

სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი — ილია II

1 ივლისი, 2019 • 968
სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი — ილია II

საპატრიარქოს თანახმად, 30 ივნისს, ათონელი მამების ხსენების დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ  ასე იქადაგა:

„ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვონ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი. სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს“.

საპატრიარქოს თანახმადვე, პატრიარქმა ქადაგება ასე გააგრძელა: „ბერის ცხოვრება ძალიან რთულია. ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასდროს არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით, თავისი თავით. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს და ადის აღმასვლის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი წინა დღით და დღეს უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია“…

თბილისში, პარლამენტთან უკვე მე-12 დღეა საპროტესტო დემონსტრაციები იმართება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი