გახარია ან დარბევის ინიციატორი იყო, ან უუნაროა — აქციების ორგანიზატორები

პარლამენტთან გამართული საპროტესტო დემონსტრაციების ორგანიზატორები პროტესტის მე-11 დღეს ავრცელებენ მანიფესტს, სადაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ მათი ერთადერთი და უცვლელი მოთხოვნაა, დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა.

მანიფესტი 30 ივნისს გამოაქვეყნდა ფეისბუკის გვერდზე „თავისუფლებისთვის“, სადაც ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ როგორც კი გახარია გადადგება, აქციებიც დასრულდება. მანიფესტს უცლველად გთავაზობთ:

„დღეს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის მე-11 დღეს, როცა გაცხადებულია მზაობა 2020 წელს პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ და როდესაც დაიძრა სამართლიანი მართლმსაჯულების პროცესები, რაც გულისხმობს ძალის გადამეტებაზე საქმეების აღძვრასა და ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლებას, ძალაში რჩება აქციის მესამე და ფინალური მოთხოვნა: დაკავებული თანამდებობები დატოვოს, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და ვიცეპრემიერმა- გიორგი გახარიამ.

სწორედ სამართლიანი, პრინციპული და უცვლელი მოთხოვნების, პროტესტის მშვიდობიანი ხასიათისა და უკომპრომისობის დამსახურებაა, მრავალმხრივ განსხვავებული ქართული საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა.

არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ აქციის მონაწილე, მედიასთან კომენტარის გაკეთებისას, აყენებს განსხვავებულ მოთხოვნებს, ამიტომ, გვინდა დავაზუსტოთ და განვმარტოთ: საპროტესტო აქცია არ ცვლის საკუთარ მოთხოვნებს. მას შემდეგ რაც გიორგი გახარია თანამდებობებს დატოვებს, საპროტესტო აქცია დასრულდება. ეს იყო პირობა, რომელიც აქციის დასაწყისში დავაყენეთ და მის შეცვლას არ ვაპირებთ. მოთხოვნებს არ დაემატება ახალი პუნქტები. ამავე დროს, აქციები არ დასრულდება მანამ, სანამ გიორგი გახარია მის მიერ დაკავებულ თანამდებობებს არ დატოვებს.

ქართული სახელმწიფოებრიობის დამცირებაში ოკუპანტის პარტნიორი და შემდეგ საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლება, თავსაც იტყუებს, როდესაც ცდილობს შექმნას განწყობა, რომ ჩვენს ბრძოლას აზრი არ ან აღარ აქვს. მათ ყოველდღე უწევთ ისეთი რამის აღიარება, რასაც უარყოფდნენ წინა დღეს და ისინი ყოველდღე უფრო და უფრო იმძიმებენ პასუხისმგებლობას, რომლის შესაბამისადაც იხდიან და გადაიხდიან დიდ პოლიტიკურ ფასს.

სრულიად დემოკრატიული საარჩევნო სისტემა არის აქციების მე-4 დღის ისტორიული მონაპოვარი, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ხელში საშიშ კონცენტრაციას და მეორე მხრივ, უზრუნველჰყოფს მრავალფეროვან პარლამენტს, იდეების თავისუფალი კონკურენციით და რეალურ დემოკრატიას პრაქტიკაში, საზოგადოების მაღალი ჩართულობით.

თუმცა, ჩვენ არ გვაქვს აქ გაჩერების უფლება, რადგან ჯერ მისაღები გვაქვს მეორე ისტორიული მონაპოვარი, რომელიც ცივილიზებულ ქვეყანაში თავისთავადი და ბუნებრივი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ თითოეული ჩვენგანის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად დადგება.

ჩვენ, მთელ ქვეყანას, ჰაერივით გვჭირდება პრეცედენტი, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ღირს. რაც უნდა გახდეს, წინაპირობა იმისა, რომ20 ივნისი იყოს ბოლო სისხლიანი თარიღი ჩვენს ისტორიაში!

სანამ გამოძიება დასრულდება, არსებობის უფლება აქვს ორ ვერსიას:

1. ერთი, გახარია იყო სასტიკი ანგარიშსწორების ინიციატორი – და ამ შემთხვევაში, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ეკისრება.
2. ან მეორე, გახარია არის უუნარო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ვერ აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ ძალებს და რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებს მათ მიერ მოწყობილი ყოვლად გაუმართლებელი და სრულიად დამთრგუნავი ძალადობის აღკვეთას. მაშინ, როცა მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით მძიმე შედეგების ჩათვლით – ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ – მთელი ღამის განმავლობაში ყველასათვის მყისიერად ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო იყო.

შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო პროტესტის „სირცხვილია“ს საორგანიზაციო ჯგუფი, ამჩნევს რა ხელისუფლების მორიგ მცდელობებს გახლიჩოს და დაანაწევროს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ხმამაღლა აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ აქციები გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი გახარია არ იქნება გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან.

აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში სრული თანხმობაა და ის რაც შეიძლება მალე უნდა დაკმაყოფილდეს! ველოდებით გახარიას გადადგომას, რის შემდეგაც ჩვენი აქცია დასრულდება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com