ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია „ოცნებას“ პროპორციულ არჩევნებზე ხედვების შეჯერებას სთავაზობს

30 ივნისი, 2019 • 1719
გაერთიანებული ოპოზიცია „ოცნებას“ პროპორციულ არჩევნებზე ხედვების შეჯერებას სთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიცია — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი მემარჯვენეები“ და სხვები — „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს, შეაჯერონ მათი და ოპოზიციის წარმოდგენილი ინიციატივები პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

გაერთიანებული ოპოზიცია სამ წინადადებას სთავაზობს მმართველ გუნდს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით:

  • პარლამენტმა დაარეგისტრიროს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის შემუშავებული კანონპროექტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით;

„ქართული ოცნების“ ინიციატივაა 0%-იანი ბარიერი, ხოლო ოპოზიციისა — 3%-იანი. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წევრი „ახალი მემარჯვენეებიდან“, მამუკა კაციტაძემ თქვა 30 ივნისს სპეციალურ ბრიფინგზე, 20 პოლიტიკურ ორგანიზაციას „კარგა ხანია, წარდგენილი აქვს 300 000-მდე ხელმოწერა“, რომლითაც ითხოვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 3%-იანი ბარიერით.

[გაიგეთ მეტი: ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის]

  • სასწრაფოდ შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საერთო-სახალხო განხილვის კომისია;

ოპოზიციის ხედვით, ესაა ფორმატი, რომელიც „იქნება იდეალური საშუალება იმ დიალოგისთვის, რაც განაცხადა ქართულმა ოცნებამ და სადაც მოხდება ჩვენი, შეიძლება, მცირედი, მაგრამ განსხვავებული პოზიციების დაახლოება“.

როგორც კაციტაძემ თქვა, ეს კომისია მაქსიმალურად წარმომადგენლობითი უნდა იყოს — მასში უნდა შევიდნენ ხელისუფლებისა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები; „კარგი იქნება, შევთავაზოთ კომისიაში იმ საპროტესტო ტალღის წარმომადგენელსაც, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნულ გარღვევაში“, — თქვა კაციტაძემ.

  • „მზად ვართ დიალოგისთვის — იმისთვის, რომ ჩვენი და ხელისუფლების შემოთავაზებული პაკეტი შევრწყათ და ერთ მთლიან დოკუმენტად ვაქციოთ და 2020 წლის არჩევნები ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე იქნას ჩატარებული“, — განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი