ახალი ამბები

ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა დაზიანება მიიღო, დირექტორი გაათავისუფლეს

30 ივნისი, 2019 • 1728
ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა დაზიანება მიიღო, დირექტორი გაათავისუფლეს

[შესწორება: თავდაპირველად მასალაში გვეწერა, რომ მსჯავრდებული დაჭრეს, რაც, როგორც პენიტენციურ სამსახურში განგვიცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამება]

ბავშვთა #11 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩხუბის შედეგად ერთმა მსჯავრდებულმა დაზიანებები მიიღო — მას ყბის მოტეხილობის გამო ოპერაცია სჭირდება; ინციდენტის შემდეგ დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დაზიანებული მსჯავრდებული, 2002 წელს დაბადებული გ.თ, საავადმყოფოშია გადაყვანილი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას ყბა აქვს მოტეხილი და ოპერაცია სჭირდება.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გ.თ-ს დაზიანებას წინ უძღოდა ჩხუბი N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ ჯგუფს შორის. ჩხუბი, უწყების თანახმად, 27 ივნისს მოხდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ იმავე დღესვე დაიწყო ამ ამბის გამოძიება.

სამსახურის ცნობით, „27 ივნისის ინციდენტის აღკვეთის მიუხედავად, 28 ივნისს გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება კვლავ მოხდა ორ თანამესაკნე მსჯავრდებულს“ შორის. ერთი 2002 წელს დაბადებულ გ.თ. იყო, რომელიც ახლა საავადმყოფოშია, მეორე — 2001 წელს დაბადებული დ.ყ, რომელიც სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გენერალურმა ინსპექციამ 28 ივნისის ინციდენტზეც დაიწყო გამოძიება. „ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ორივე საქმეზე, რომლის მიზანიც არა მხოლოდ მსჯავრდებულთა, არამედ თანამშრომელთა ქმედებების სისხლის სამართლის ჭრილში შეფასებაა“, — წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

მე-11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იუსტიციის მინისტრმა 29 ივნისს გაათავისუფლა თანამდებობიდან.

შენიშნვა: გარეკანის ფოტოზე გამოსახული არ არის მე-11 პენიტენციური დაწესებულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი