ახალი ამბები

20 ივნისს დაშავებულთაგან ერთ-ერთი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს

29 ივნისი, 2019 • 1294
20 ივნისს დაშავებულთაგან ერთ-ერთი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 2 ადამიანიდან ერთ-ერთი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკა “ევექსში” განუცხადეს.

კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გუშინ, 28 ივნისს, გაუმჯობესდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც ასევე “ევექსში” მკურნალობს: დაშავებულის მდგომარეობა დღეს, 29 ივნისს, მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები გვიან ღამით პოლიციამ დაარბია. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ 240 ადამიანი დაშავდა. მათგან  80 პოლიციელი და 31 ჟურნალისტი იყო, დანარჩენები კი აქციის მონაწილეები იყვნენ. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი