ახალი ამბები

იცურე მშვიდად – აქცია მდინარე ალაზანზე 

29 ივნისი, 2019 • 1291
იცურე მშვიდად – აქცია მდინარე ალაზანზე 

კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციებმა – ადამიანის უფლებათა ცენტრმა, CENN-მა და პროგრესის ცენტრმა მდინარე ალაზანზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილას – ე. წ. წითელკლდესთან აქცია გამართეს. 

ამ ადგილას წარსულში ადამიანების დახრჩობის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

“წითელკლდე მდ. ალაზანზე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კუსტარული რეკრეაციული ადგილია – მდინარის ზემოქმედებით ეროზირებული სანაპირო ზოლი, სადაც არ არის დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება. აქამდე არავის შეუსწავლია, არის თუ არა მიზანშეწონილი ამ სანაპირო ზოლზე ბანაობა. 

წინა წლებში წითელკლდეს სანაპირო ზოლზე მოზარდების დახრჩობის რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ-ერთი მოზარდი, 15 წლის აკო სილაგაძე ამ ადგილას 2014 წელს გაუჩინარდა და დღემდე არ არის ნაპოვნი”, – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები. 

კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციები მოუწოდებენ თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებს, დაიწყონ კონკრეტული ქმედებები ამ ადგილის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეთა უსაფრთხოების დამცავი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

“პირველ რიგში კი, აუცილებელია, მოქალაქეთა გამაფრთხილებელი ბანერების დაყენება და არსებული საფრთხის შესახებ ინფორმირება”.

აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც შეხვედრა გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლებში მერის წარმომადგენლებთან. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს კამპანიის „იცურე მშვიდად“ მიზნები და საქართველოში წყლის ობიექტებზე არსებული პრობლემები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო წყალში დახრჩობის შემთხვევების პრევენციულ ღონისძიებებს. მშობლების ინიციატივაა, ქალაქ თელავში მუნიციპალური ბიუჯეტიდან ბაღის და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის დაფინანსდეს ცურვის გაკვეთილები. ნაფარეულსა და კურდღელაურში მერის წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს თავიანთ სოფლებში არსებულ ამორტიზებულ საცურაო აუზებზე, რომელთა რეაბილიტაცია სამომავლოდ ხელს შეუწყობდა ბავშვებისთვის ცურვის შესწავლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი