ახალი ამბები

ჯაში: გადაწყვეტილებას, მელიასთვის იმუნიტეტის არშეჩერებაზე, არ შევცვლი და არც შევცვლიდი

28 ივნისი, 2019 • 1142
ჯაში: გადაწყვეტილებას, მელიასთვის იმუნიტეტის არშეჩერებაზე, არ შევცვლი და არც შევცვლიდი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ნიკა მელიასთვის პარლამენტარის მანდატის არშეჩერებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და არც შეცვლის.

ჯაშის თქმით, ქართული ოცნების ოფისში მიმდინარე უმრავლეაობის სხდომაზე ეცდება, რომ კოლეგებს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს.

“ვფიქრობ, რომ მთავარია დღეს მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართოს. ბუნებრივია, უფრო დეტალურად გავაცნობ ჩემს პოზიციას კოლეგებს და მეგობრებს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს პოზიციებს დავაახლოვებთ.

როდესაც ჩვენ გვქონდა უმრავლესობის ფორმატში განხილვა აღნიშნული საკითხის, შეთანხმება იყო, რომ.მყარი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში გვექნებოდა თუ არა თანხმობის პოზიცია. ბუნებრივია, მყარი მტკიცებუოების შემთხვევაში მეც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი.

მოდით, ჩავთვალოთ, რომ მე მაქვს ნაკლები გამოცდილება იურისპრუდენციაში და სამართალწარმოებაში. მე, რამდენადაც ვიხილავდით საკმაოდ სენსიტიურ საკითხს ჩვენი კოლეგის, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს, ჩავთვალე, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იმ მომენტისთვის იქნებოდა თავის შეკავება.

ოთხშაბათს, 15:00 საათისთვის, ბიუროზე იგეგმებოდა დამატებითი მასალების გადაცემა ადვოკატურის მხარისთვის და ველოდებოდი ამას. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა დამატებითი მასალების განხილვის შესაძლებლობა პლენარულ სხდომაზე. ამდენად, კომიტეტების ფორმატში განხილული ინფორმაციის საფუძველზე, მე თავი შევიკავე”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.

კითხვაზე, რამდენად სწორია დეპუტატის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გამო უმრავლესობის სხდომის ჩატარება, მარიამ ჯაში პასუხობს:

“ბუნებრივია, გუნდს აქვს თავისი წესები. მე უბრალოდ არ მომეცა საშუალება, შეზღუდული დროის ფორმატიდან გამომდინარე, კენჭისყრამდე უმრავლესობის ფორმატში ჩემი პოზიციის დაფიქსირება განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით. სწორედ ამიტობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას”.

დეპუტატის თწმით, არავითარი ზეწოლა არ არსებობს მმართველ გუნდში მის მიმართ.

“მე დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი და არც შევცვლიდი, თუნდაც ყოფილიყო დამატებითი კონსულტაციები.

მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება იმუნიტეტის შეჩედებასთან დაკავშირებით იყო მართებული. იმედი მაქვს, რომ ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს დავარწმუნებ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და ასევე იმ გარემოებებში, რის გამოც არ მომეცა მათთან წინასწარი გასაუბრების შესაძლებლობა”, – ამბობს ჯაში.

სხდომის დაწყებამდე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუხცადა, რომ არ იგეგმება უმრავლესობის იმ დეპუტატების გარიცხვა, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი