ახალი ამბები

„მოლოდინები მძიმეა“ — მაჭავარიანი ეკონომიკაზე გავრილოვის ამბების შემდეგ

28 ივნისი, 2019 •
„მოლოდინები მძიმეა“ — მაჭავარიანი ეკონომიკაზე გავრილოვის ამბების შემდეგ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ დღესდღეობით რუსეთის ემბარგო „მატერიალიზებული არ არის“, ტურისტული ნაკადების შემცირება „მინიმალურია“, თუმცა „მოლოდინები მძიმეა“.

28 ივნისს მაჭავარიანმა თქვა: „მე პასუხისმგებლობას კი არ ვგრძნობ მარტო, ძალიან მტკივა ეს ამბავი [გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებული მოვლენები, რაც ეკონომიკაზეც აისახება] იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, არასტაბილურობის ასეთი ხარისხი რა ძვირი ჯდება. კარგად ვიცი ყოველი [დაკარგული] ლარის ფასი, იქნება ეს ტურიზმიდან თუ ექსპორტიდან, და გულწრელფად გეუბნებით: მე მენანება ის, რომ ჩვენ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გაგვიჩნდეს ამდაგვარი ქმედებებით“.

მაჭავარიანი ამბობს, რომ მთავრობა დააკვირდება, როგორ მიმდინარეობს ამ შემთხვევაში მოვლენები: „დღესდღეობით მატერიალიზებული არაფერი არ არის, არც ემბარგო, ტურისტული ნაკადების შემცირება მინიმალურია, თუმცა მოლოდინები მძიმეა“.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ „ეს მოლოდინები არ რეალიზდება სრული მასშტაბით“. მისივე თქმით, ლარის კურსის შემცირება დოლართან და ევროსთან მიმართებით „ზუსტად ამ მოლოდინების ანარეკლია“ და არა „ეროვნული ბანკის ქმედებების“ ბრალი. „ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სწორად ახორციელებს თავის ფუნქციას“, — განაცხადა მინისტრმა.

„მე იმედს ვიტოვებ, რომ რადიკალიზმი და ეს ისტერია დაიწევს და ნორმალურ რეჟიმში გადავალთ. მით უმეტეს, ამის საფუძველი დღეს არსებობს, იქნება ეს პროპორციული არჩევნების ახალი ინიციატივა თუ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში. ეს არის გარანტია, რომ შემდეგი არჩევნები იქნება გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი პოლიტიკური ძალებისთვის“, — აცხადებს მაჭავარიანი.

მისი თქმით, „არანაირი საფუძველი იმისა, რომ დესტაბილიზაციის ეს ხარისხი გვქონდეს, არ არსებობს“. ამიტომ ის, რომ ამბობენ, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ჩვენ, ქართვლებმა ცოტა ზედმეტი რეაქცია იციან, ზუსტად ვლინდება. არ ვიცი, ათ თუ შვიდ წელიწადში ერთხელ. სხვადასხვა მოსაზრებაა, სხვადასხვა პოლიტეკონომისტს სხვადასხვა ხედვა აქვს. მაგრამ რაღაც დროში რომ მეორდება, ფაქტია და, მგონი, დროა, გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი