ახალი ამბები

მაჭავარიანი არაპროპორციულს უწოდებს პროტესტს და არა დარბევას

28 ივნისი, 2019 • 946
მაჭავარიანი არაპროპორციულს უწოდებს პროტესტს და არა დარბევას

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ დემონსტრანტების პროტესტი 20 ივნისის ღამეს „არაპროპორციული“ იყო, პროტესტის ნაწილი სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ „არაფერში არ ჯდება“ და იმეორებს სხვა ლიდერების მესიჯს: გულწრფელი პროტესტი დესტრუქციულმა ოპოზიციამ გამოიყენა.

მინისტრმა 28 ივნისს, მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა: „გასაგებია [ის პროტესტი, რაც გავრილოვის ამბის გამო გაჩნდა]… ამიტომ შტურმი უნდა გავაკეთოთ?.. გასაგებია… არ ხდება ამის გამო პარლამენტის აღება… წარმოუდგენელი რაღაცაა“.

მაჭავარიანის თქმით, „რამდენიმე საათში, აბსოლუტურად, რამდენიმე წუთში შეწყდა სხდომა. ის კაცი აქედან გაფრინდა“. ამის შემდეგ გააკრიტიკა დემონსტრანტები, რომლებიც სასტუმრო რედისონთან დახვდნენ გავრილოვს:

„ეგ კიდევ ცალკე საკითხია, სხვათა შორის. ვერავინ დამაბრალებს, რომ თანავუგრძნობ იმ კაცს [გავრილოვს], მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა იმ ადამიანისთვის, რა მნიშვნელობა აქვს… ხან გვინდა, კავკასიელები ვიყოთ, ხან გვინდა, ის ვიყოთ… არ წერია ეგ არაფერში. არ არის ეს ჯანმრთელი ამბავი. რაც გინდა, ის დამაბრალეთ, არ წერია ეგ ამბავი, რომ სტუმარს ასე [მოიქცე]. ჩაქუჩი უნდა ჩაგერტყათ, მაგას ამბობთ?.. მოიკითხეთ და ნახავთ… მოიკითხავთ და მოიკითხეთ“, — უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

„საერთოდ არ მაინტერესებს, ის [გავრილოვი] კმაყოფილია თუ არა. მე ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვიქცეთ ღირსეულად“. მაჭავარიანი ბრიფინგის ბოლოს კვლავ დაუბრუნდა გავრილოვის ვიზიტს და თქვა:

„ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ის სურათი, რომ ის კაცი [სერგეი გავრილოვა] მოვიდა [პარლამენტში] და ჩაჯდა [პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში]. რაც მალევე, რამდენიმე წუთში მოგვარდა“, — თქვა მაჭავარიანმა. ამის შემდეგ გაიმეორა მთავრობის სხვა წევრების — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას — მესიჯი, რომ ოპოზიციამ გამოიყენა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი:

„ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ძალიან სარფიანი და ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროტესტი მაქსიმალურად მაღალ რეგისტრში აიყვანონ. მესმის ესეც. მესმის. უამრავი ადამიანი დადგა ქუჩაში, ესეც მესმის. ეს პროტესტი შეიძლება, გაგრძელებულიყო, შეიძლება 9 დღე, შეიძლება 9 თვე. რა კავშირი აქვს იმას, რომ შტურმი გაკეთდა? იცით, რა კავშირი აქვს, ჩემი აზრით? ახლა, ამწუთასვე გამოვიყენოთ ამ ხალხის და ახალგაზრდების ენერგია იმიტომ, რომ ხვალ-ზეგ რომ განელდეს, რა ვქნათ, და დავაქციოთ ეს ქვეყანა. და რას მეუბნებით: ყველამ დაიხურეთ ქუდი და თქვით, რომ პარლამენტის შეტევა და მომავალში პოლიციელებმაც იცოდნენ, რომ შეტევა რომ არის, განერიდონ. ეს სტანდარტი გინდათ დაამკვიდროთ“?

პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ მაჭავარიანმა თქვა: „არავინ არ გაურბის პასუხისმგებლობას. რომ დაიდება [გამოძიების შედეგი] და თუ ვნახავთ, რომ ეს არის იმაზე მეტი, რაც უნდა ყოფილიყო, — რომ არის სისტემური და გამონაკლისი ერთი-ორი შემთხვევა, არამედ უწყებრივი პრობლემა, — არც გიორგი გახარია, არც მე, არავინ არ გამოეკერება სკამს. მაგაზე მშვიდად იყავით“.


20 ივნისის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, ძალის გამოყენებით დაარბიეს.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. ოფიციალური მონაცემებით, ამის შედეგად დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. შსს-მ 305 ადამიანი დააკავა. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნების უბარიეროდ, პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. სრულად მთავრობის გადადგომა დემონსტრაციის მოთხოვნებში არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი