ახალი ამბები

გამოსავალი არის სიმშვიდე — წულუკიანი 20 ივნისის მოვლენებზე

28 ივნისი, 2019 • 846
გამოსავალი არის სიმშვიდე — წულუკიანი 20 ივნისის მოვლენებზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას, მისი აზრით, რა არის ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, უპასუხა: „გამოსავალი არის სიმშვიდე“. წულუკიანმა ამ ფრაზით დაასრულა პრესკონფერენცია მთავრობის სხდომის შემდეგ.

უკვე მე-9 დღეა, პარლამენტის წინ მიმდინარეობს დემონსტრაციები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. თვითონ გახარია აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც აქციაზე მოხდა, მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა „ეს იყო ძალის აბსოლუტურად ლეგიტიმური გამოყენება“. იგი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

28 ივნისის პრესკონფერენციაზე არც პრემიერ-მინისტრს უთქვამს რამე გახარიას გადაყენებაზე. იმავე დღეს თეა წულუკიანმაც თქვა, რომ გამოყენებული ძალა ლეგიტიმური იყო. მისი აზრით, ირაკლი კობახიძე უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან.

წულუკიანმა თქვა, რომ ყველა სიტყვას ზომავს, რადგან იუსტიციის მინისტრის თანამდებობა უკავია და არ უნდა, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხას, ამის შემდეგ კი განაცხადა:

„ვამბობ რბილად: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ვინ? ქვეყანაში რიგით მეორე პირმა [პარლამენტის თავმჯდომარემ]. ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის. ჯობდა, უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი“.

20 ივნისის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, ძალის გამოყენებით დაარბიეს.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. ოფიციალური მონაცემებით, ამის შედეგად დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. შსს-მ 305 ადამიანი დააკავა. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნების უბარიეროდ, პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი