ჯობდა, უფრო ადრე გადამდგარიყო — წულუკიანი კობახიძეზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ფიქრობს, ირაკლი კობახიძე უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან.

წულუკიანმა თქვა, რომ ყველა სიტყვას ზომავს, რადგან იუსტიციის მინისტრის თანამდებობა უკავია და არ უნდა, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხას, ამის შემდეგ კი განაცხადა:

„ვამბობ რბილად: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ვინ? ქვეყანაში რიგით მეორე პირმა [პარლამენტის თავმჯდომარემ]. ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის. ჯობდა, უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი“.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით კობახიძემ პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

20 ივნისის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, ძალის გამოყენებით დაარბიეს.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. ოფიციალური მონაცემებით, ამის შედეგად დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. შსს-მ 305 ადამიანი დააკავა. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნების უბარიეროდ, პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com