ახალი ამბები

ბახტაძის აზრით, ვარდების რევოლუცია ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდა

28 ივნისი, 2019 • 1447
ბახტაძის აზრით, ვარდების რევოლუცია ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.  ორივე შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ შს სამინისტრომ საქართველოს მესამე ასეთი სცენარი ააცილა.

პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ გულისხმობს 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალებას და 2003 წლის “ვარდების რევოლუციას”. მამუკა ბახტაძის თქმით, ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. ნეტგაზეთმა ბახტაძის სიტყვების დაზუსტებისთვის, გულისხმობდა თუ არა ის ვარდების რევოლუციას, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურსაც მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

“ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი. დღეს არის სხვა მდგომარეობა და შსს-მ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრიდან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი