ახალი ამბები

მელია ამბობს, რომ სასამართლოს შეზღუდვის მიუხედავად პარლამენტში ივლის

28 ივნისი, 2019 •
მელია ამბობს, რომ სასამართლოს შეზღუდვის მიუხედავად პარლამენტში ივლის

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 000-ლარიან გირაოსთან ერთად, ბრალდებულ ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებები დააკისრა. კერძოდ, მელიას აეკრძალა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება;

კანონმდებლობა დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მისი პატიმრობის შემთხვევაში ითვალისწინებს. ნიკა მელია ამბობს, რომ თუ ამ უფლებამოსილების შესრულებისთვის დააკავებენ, ხელისუფლება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

“გუშინწინ მუშტებს მიქნევდნენ და მეუბნებოდნენ, რომ დასაჭერი ვარ. დღეს კიდევ უფრო დაბნეული და ჩაფიქრებულნი არიან და პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, დგანან და არ იციან, რა გააკეთონ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. მე აუცილებლად ვივლი პარლამენტში, როგორც მინიმუმ. წარმოიდგინეთ, დილით ავდგები, გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს, წავალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?! ცივილიზებულ სამყაროს რას ეტყვიან, რომ გამოცხადდა პარლამენტარი, წარმოთქვა სიტყვა და ეს არის გირაოს პირობების დარღვევა და ამიტომ იგი უნდა წავიდეს ციხეში?!” – განუცხადა მელიამ “რუსთავი 2”-ს.

მისი თქმით, ხელისუფლებას თავიდანვე ბოროტი განზრახვა ჰქონდა, რომელიც სისრულეში ვერ მოიყვანა.

“აბსურდულ სპირალში არიან შესული. ახლა მიდიან სააპელაციო სასამართლოში გირაოს გასასაჩივრებლად. ერთი წამით დავუშვათ და სააპელაციო სასამართლომ, ბატონმა მურუსიძემ შეცვალოს გადაწყვეტილება და დამაპატირმოს. ეს კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება, ხომ?! ცხოვრებაში არსებობს ვითარებები, როდესაც აგური დაგეცემა თავზე და შემთხვევითობას ვეღარ დააბრალებ, ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა “ქართული ოცნება”, – აღნიშნა მელიამ.


გუშინ, 28 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე და მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

გირაოს შეფარდებას პატიმრობის ნაცვლად ითხოვდა ნიკა მელიას ადვოკატი. მელიას თავდებში უდგებოდა დეპუტატების ნაწილი.

საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი