ახალი ამბები

პროკურატურა ნიკა მელიას გირაოს სააპელაციოში გაასაჩივრებს

28 ივნისი, 2019 • 658
პროკურატურა ნიკა მელიას გირაოს სააპელაციოში გაასაჩივრებს

ბრალდების მხარე დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ამის შესახენ “ნეტგაზეთს” საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

გუშინ, 28 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე და მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

გირაოს შეფარდებას პატიმრობის ნაცვლად ითხოვდა ნიკა მელიას ადვოკატი. მელიას თავდებში უდგებოდა დეპუტატების ნაწილი.

საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი