ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი შსს-სგან კარვის დაბრუნებას ითხოვს

28 ივნისი, 2019 • 981
მაჩალიკაშვილი შსს-სგან კარვის დაბრუნებას ითხოვს

20 ივნისის აქციის ღამეს სამართალდამცავებმა თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღეს, რომელიც პარლამენტის წინ წელიწადზე მეტი იდგა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, სამართალდამცავების მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული ქმედება:

“ჩემს კარავთან დაკავშირებით 10 თვე მიმდინარეობდა ბრძოლა… ყველა სიბინძურე იყო გამოყენებული იმ კარვების აღებისთვის”, – განუცხადა ნეტგაზეთს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, მეორე დღეს თავად მივიდა პოლიციაში და კარვების აღებასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა, ის პოლიციელებისგან მოითხოვდა ყველა იმ ნივთის დაბრუნებას, რაც იმ ღამეს წაიღეს. მისი თქმით, სამართალდამცავები დაჰპირდნენ, რომ დაურეკავდნენ და ყველა ნივთს უკან  დაუბრუნებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში ამ დრომდე კომენტარს ვერ აკეთებენ.

მაჩალიკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას კარვებს არ დაუბრუნებენ, ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვება.

„ისევ თუ არ დაიდგა აქ ჩემი კარვები, ეს პროტესტი არაფერია, პროტესტს მერე ნახავენ. ისეთი ხალხი დადგება აქ, ვისაც რეზინის ტყვიების კი არა, კერამიკის ტყვიების კი არა, დათვებისთვის გამოყოფილი ტყვიების კი არა, მუხები რომ ისროლონ, იმის არ შეეშინდებათ.“

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოლიდარულია  დედაქალაქში მიმდინარე აქციების მიმართ. მისი თქმით ახალგაზრდებმა ხელში აიღეს ინიციატივა, გაეგრძელებინათ ეს სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი