ახალი ამბები

თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი დეკანის პრიორიტეტები

23 დეკემბერი, 2014 • 3208
თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი დეკანის პრიორიტეტები

დეკანის თანამდებობის დასაკავებლად თამარ დოლბაიას გარდა, რომელიც საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების  ასოცირებული პროფესორია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასოცირებული პროფესორი სერგი კაპანაძე და  პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულების ასოცირებული პროფესორი ნანა მაჭარაშვილი იბრძოდნენ.

თსუ–ს ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა ფაკულტეტის საბჭოს 28–ვე წევრმა მიიღო (21 პროფესორი და 7 სტუდენტი). თამარ დოლბაიამ 16 ხმა, სერგი კაპანაძემ – 7 ხმა, ნანა მაჭარაშვილმა კი 5 ხმა მიიღო.

 

თამარ დოლბაიამ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპონენტებს წარმატებებს უსურვებს და მათთან თანამშრომლობისთვის მზად არის. 

 

კითხვაზე, თუ რა არის მთავარი მის კონცეფციაში, ფაკულტეტის ახლად არჩეულმა დეკანმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მთავარი თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობის აღზრდაა. 

 

“ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს კონცეფციაში არის უნივერსიტეტის იდეა, მისთვის მსახურება. იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენთვის მარტო ჩვეულებრივი სამსახური, ჩვენ აქ გვაქვს მისია, პროფესორებს, საერთოდ, აქვთ მისია, რომ აღზარდონ განათლებული  თაობა. ასეთად მეგულება ჩვენი პროფესორთა შემადგენლობა და ამიტომ ჩემი მიზანი არის ეს: თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობის აღზრდა მომავალი საქართველოსთვის,“– განაცხადა თამარ დოლბაიამ.

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა მიმართულებებზე აპირებს მუშაობას, დოლბაიამ უპასუხა, რომ კომპლექსური ხედვა არის საჭირო:

 

“ეს არის კომპლექსური ხედვა, რაღაც კონკრეტულ საკითხს მე ვერ გამოვყოფ, იმიტომ, რომ მხოლოდ კომპლექსური ხედვა მიგვიყვანს მიზნამდე.  პარალელურად უნდა გაკეთდეს მართვაც, სწორი მენეჯმენტიც, პარალელურ რეჟიმში უნდა განვითარდეს სასწავლო პროცესიც, კვლევითი კომპონენტის განვითარებასთან ერთად და ერთმანეთთან არის ყველაფერი გადაჯაჭვული,“– განაცხადა თამარ დოლბაიამ.

 

 

თამარ დოლბაია. ფოტო – თამარ დოლბაიას Facebook გვერდიდან
თამარ დოლბაია. ფოტო – თამარ დოლბაიას Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი