ახალი ამბები

თუ ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი გავხდი, ამ ტვირთს როგორმე ვატარებ – გახარია

27 ივნისი, 2019 • 1536
თუ ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი გავხდი, ამ ტვირთს როგორმე ვატარებ – გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პოსტზე  გამოძიების დასრულებამდე დარჩება, შემდეგ კი მისი შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ მისი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამით რუსთაველზე ხდებოდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც იქ მოქმედებდა, მოქმედებდა ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, არის ჩემი პასუხისმგებლობის ზონა.

მეორე, სანამ არ დასრულდება გამოძიება, როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ისე სსკ-ის 225-ე მუხლით სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში, მე ვრჩები აქ და ვიქნები აქ. როგორც კი დავასრულებ ამას ყველაფერს, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მივიღებთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომის. ჩემთვის ამ სავარძელში ჯდომა არის სწორედ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ…” – აღნიშნა მან და დასძინა, რომ აღნიშნული პასუხისმგებლობა ამჟამად აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებსა და პოლიციელებს ეხება.

ამ პასუხის შემდეგ, “რუსთავი2”-ის ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა, რომელსაც 20 ივნისის ღამით რეზინის ტყვია მოხვდა და ოპერაცია დასჭირდა, მინისტრს გადადგომისაკენ მოუწოდა და უთხრა, რომ  დარბევის შემდეგ ის ხალხის თვალში “სისხლიანი ჯალათია”.

“20 ივნისის შემდეგ თქვენ ვეღარ იქნებით შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია, ეკავოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი და, მგონი, ჯობია, გადადგეთ”, – თქვა ჟურნალისტმა და ოთახი დატოვა. აღნიშნულს გახარიამ ასე უპასუხა:

“მე თუ ხალხის თვალში გავხდი სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში ძალადობრივად ინსტიტუტებზე შეტევა არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო, მე ამ ტვირთს როგორმე ვატარებ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი