ახალი ამბები

გავრილოვის ვიზიტის რისკები უსაფრთხოების საბჭოს არ განუხილავს – გახარია

27 ივნისი, 2019 • 1054
გავრილოვის ვიზიტის რისკები უსაფრთხოების საბჭოს არ განუხილავს – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტის თანმდევი რისკები უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში განხილული არ ყოფილა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას, “პირველი არხის” წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ის, რაც თავიდან ბრძანეთ, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ეკისრება, რა თქმა უნდა, ჩვენს შესაბამის უწყებებსაც, მათ შორის, უსაფრთხოების საბჭოსაც. თუმცა ეს არ იყო გაანალიზებული და განხილული… ამ ჭრილში, სამწუხაროდ, ღონისძიება, რომელიც ჩატარდა პარლამენტში, დანახული არ ყოფილა. ამას გეუბნებით გულწრფელად, რაც შესაძლებელია, რომ იყოს შეცდომა ან არასაკმარისი ანალიზი, მაგრამ ეს არის ფაქტი”, – აღნიშნავს მინისტრი.

საბჭოს გახარია თავად თავმჯდომარეობს.

მისივე თქმით, როგორც სერგეი გავრილოვის ვიზიტი, ისე შემდგომ განვითარებული მოვლენები, სპეციალურმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ.

“რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კომპონენტი, იმაში, რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან და შემდგომ ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი უნდა გახდეს. განსაკუთრებით მას შემდგომ, რა განვითარებაც მოჰყვა ამ ქმედებას. თუმცა, ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია. არსებობს კომპონენტი, რამაც გამოიწვია თავისუფალი მოქალაქის სამართლიანი პროტესტი.

…ეს არის ერთი ნაწილი, რა იყო გათვლილი და რა  მიზანს ემსახურებოდა ამ ღონისძიების მესვეურების ქმედების უკან; იყო თუ არა რაიმე გათვლები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნიდნენ რისკებს.

სხვა საკითხია, რომელიც ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოებას ეხება, რა სახე მიიღო შემდგომ ამ პროტესტმა. ორივე კომპონენტი, რა თქმა უნდა, განსახილველია უსაფრთხოების განზომილების თვალსაზრისით. თუმცა მე ვთვლი, რომ ეს არის სხვადასხვა კომპონენტი. ვერანაირ  და ვერც ერთ შემთხვევაში იმ პროტესტს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ გამოხატეს, ვერ დავუკავშირებ უსაფრთხოების იმ შესაძლო რისკებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო რუსი დეპუტატის ქმედებების უკან”, – თქვა მან.


რა მოხდა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას, რაც 26 ივნისის მდგომარეობით შესრულებულია (ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობას ვადა შეუმცირეს, ნაწილი კი ხელწერილით გამოუშვეს).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი