
სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნათია იმნაძე პარლამენტს უჩივის. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 99-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის საჯარო სამსახურიდან მოხელის გათავისუფლების წესს. ამავე კანონის 79-ე მუხლი ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, ხოლო მისი პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, მის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების დროს მას სათანადოდ არ ჰქონდა გარანტირებული ზეპირი მოსმენის უფლება. მოსარჩელის ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ზეპირი მოსმენის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში (ზეპირი ახსნა-განმარტებით, მოწმეების დაკითხვით, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სანდოობის შემოწმებით) პირს აქვს ეფექტური შესაძლებლობა ამტკიცოს რომ მას არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა.
ასევე სადავო ნორმაა ის, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს წინასწარ დეტალურად ეცნობოს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ჰქონდეს მას გონივრული დრო დაცვის მოსამზადებლად. ასეთი გარანტიების არარსებობის პირობებში საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას და ასევე კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომლის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი კომენტარს არ აკეთებს.
ამის პარალელურად ნათია იმნაძე, ოთარ კვაჭაძე საქალაქო სასამართლოშიც დავობენ. ისინი სამსახურში აღგენას მოითხოვენ. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება ორივე მხარემ ამ შემთხვევაში ნათია იმნაძემ, ოთარ კვაჭაძემ და სახალხო დამცველის აპარატმაც უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
„ბათუმელებთან“ საუბრისას ნათია ამბობს, რომ სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციამ დაადგინა, რომ ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო, თუმცა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ისევ სახალო დამცველის აპარატს დაავალა მსჯელობა სამსახურში გათავისუფლებული თანამშრომის აღდგენაზე, რაც მოსარჩელის აზრით არალოგიკურია: „რომ არ აღგვადგინოს, და არც აღგვადგენს, ანუ თავიდან უნდა გავასაჩივროთ, მაშინ და ასე უნდა ვიაროთ წრეზე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ არ არის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება ლოგიკური“.








