ახალი ამბები

4 რამ, რაც ნიკა მელიას სასამართლომ აუკრძალა

27 ივნისი, 2019 • 2271
4 რამ, რაც ნიკა მელიას სასამართლომ აუკრძალა

თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული  აღკვეთის ღონისძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

სასამართლოს განმარტებით, მელიას 30 000-ლარიან გირაოსთან ერთად გარკვეული დამატებითი ვალდებულებები დააკისრა.

“პროკურორმა შუამდგომლობით ითხოვა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით. ასევე, მიუთითა ბრალდებულის მიერ სხვა საქმეზე შეფარდებული მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს პირობების დარღვევის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, შუამდგომლობის განხილვისას, საქმის მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 30 000 ლარის ოდენობით გირაოს პირობებშიც”, – აცხადებენ სასამართლოში.

ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 20 დღე. სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, მელიას აეკრძალა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება;

“ამდენად, გაზრდილი გირაოს ოდენობის და დამატებითი ვალდებულებების დაკისრების პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულად იქნება უზრუნველყოფილი აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

სასამართლოს განმარტებით, გირაოს პირობებისა და დამატებითი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შესაძლოა შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 14 აგვისტოს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – აცხადებენ სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი