ახალი ამბები

როცა რევოლუციას აწყობთ, ან თვალი დაგეკარგებათ, ან თავი – კომენტარის ავტორი კომპოზიტორი ამბობს, რომ შეცდა

27 ივნისი, 2019 • 1672
როცა რევოლუციას აწყობთ, ან თვალი დაგეკარგებათ, ან თავი – კომენტარის ავტორი კომპოზიტორი ამბობს, რომ შეცდა

“როცა ახალგაზრდები რევოლუციას აწყობთ, უნდა იცოდეთ, ჩემო კარგო, რომ ან თვალი დაგეკარგებათ, ან საერთოდ თავიც შეიძლება მოძვრეს ვინმეს და დაგორდეს! აბა, როგორ გინდათ?!” – ასე ეხმაურება კომპოზიტორი და კონსერვატორიის პროფესორი ზურაბ ნადარეიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. შესაბამისი კომენტარი მან ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტზე განათავსა, რომლითაც მოქალაქეები დემონსტრაციებს განიხილავდნენ. 

“რევოლუციაც და თან არაფერი გეტკინოთ?! ასე სად არის? დავდო ახლა აქ პარიზში დასახიჩრებული მწვანეჟილეტიანების სურათები? დაგუგლეთ და ნახეთ. გადადგა საფრანგეთის მთავრობა? იქნება არჩევნები და ვინც გადასაყენებელია – გადააყენეთ. ასეთია წესი. თუ უწესოდ იქცევით, მზად უნდა იყო, რომ რაღაცას იტკენ!” – აგრძელებს ნადარეიშვილი.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კომპოზიტორს და ჰკითხა, ნამდვილად მას ეკუთვნის თუ არა აღნიშნული შეფასება. ნადარეიშვილმა დაადასტურა, რომ ტექსტი მისია, თუმცა აქვე ამბობს, რომ შეცდა და კომენტარი ცხელ გულზე დაწერა.

“შევცდი და რაღაცები გაცხელებულ გულზე დავწერე”, – აცხადებს ის, რის შემდეგაც განმარტავს:

“გასაგებია, რომ მე ბავშვების თვალების დაკარგვის და თავების დაგორების მომხრე არ ვარ. ეს ვთქვი ისე, ზოგადად, რევოლუციებთან დაკავშირებით: როცა რევოლუცია ხდება, მსხვერპლი არის. მაგრამ მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ და იმათ მხარეს ვარ, ვინც ძალადობას ეწინააღმდეგება. ის მინდა, რომ კარგად გამოიძიონ და დაადგინონ, ვინ როგორ ისროლა და ვინ ვის მოარტყა და ა.შ. ეს ზოგადად ვთქვი და ამას თუ დაიხვევენ ხელზე და რაღაცებს გააკეთებენ, არ ვიცი”, – აცხადებს ის და აღნიშნავს, რომ ვინც ადამიანებს თვალი დააკარგვინა,  “უნდა გამოავლინონ და ჩაჯდეს ციხეში”.

კითხვაზე, იყო თუ არა 20 ივნისს აქციაზე მდგომი ადამიანების მიზანი რევოლუცია, კომპოზიტორი პასუხობს:

“ვინც შეჭრას ცდილობდა, მე იმაზე ვთქვი, რევოლუციის მოწყობა უნდოდათ-მეთქი. შეიძლება, პროვოკატორები იყვნენ შეგზავნილები და ისინი აწვებოდნენ, მე რა ვიცი… რაც ტელევიზორში ვნახე, გაცეცხლებული ვიყავი და ვთქვი რაღაც…”


რა მოხდა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას, რაც 26 ივნისის მდგომარეობით შესრულებულია (ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობას ვადა შეუმცირეს, ნაწილი კი ხელწერილით გამოუშვეს).

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტის სხდომას ბოიკოტის მიზეზით არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი