ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება

27 ივნისი, 2019 • 840
“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. ამის მიზეზად დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დაასახელა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უარი, მისულიყო საკანონმდებლო ორგანოში.

სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას სურდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის, სახალხო დამცველისა და სხვების გზავნილები მამუკა ბახტაძის წინაშე გაეხმიანებინა, თუმცა პრემიერმა პარლამენტში მისვლა “ვერ გაბედა”.

“ჩვენ გვსურდა, დღეს ეს გზავნილი გაგვეჟღერებინა პარლამენტის დარბაზში ქვეყნის ნომინალური პრემიერ-მინისტრის გასაგონად. რადგანაც თუნდაც ნომინალურმა პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა დღეს პარლამენტში მოსვლა, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია შესული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენ, რა თქმა უნდა, დღევანდელ სხდომას არ დავესწრებით.

მომავალი კვირიდან ჩვენ დავიწყებთ მუშაობას როგორც პარლამენტში, ისე საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ შედგეს ე.წ. გავრილოვის სია იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და რომელიც ფაქტობრივად გზას უხსნის ქვეყნის შემდგომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან”, – აღნიშნა მან.

დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარმდგარიყო, თუმცა მისი მოსმენა გადაიდო. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე საუბარი სამთავრობო პროგრამებზე შეუსაბამოა.


რა მოხდა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას, რაც 26 ივნისის მდგომარეობით შესრულებულია (ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობას ვადა შეუმცირეს, ნაწილი კი ხელწერილით გამოუშვეს).

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტის სხდომას ბოიკოტის მიზეზით არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი