ახალი ამბები

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან

27 ივნისი, 2019 • 1407
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან

ევროპის რიგ ქვეყნებში, სინოპტიკოსების ვარაუდით, ზაფხული განსაკუთრებით ცხელი იქნება. მომდევნო დღეებში საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. BBC-ის ცნობით, მეცნიერები სიცხის ტალღას ატლანტის ოკეანეში შტორმს და საჰარიდან შემოსულ ცხელ ჰაერს უკავშირებენ. 

როგორც ფრანგი მეტეოროლოგები იუწყებიან, საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა სავარაუდოდ 400C-ს გადააჭარბებს. ეს იმაზე მაღალი ტემპერატურა იქნება, ვიდრე 2003 წელს იყო, რასაც დიდი ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა. 

საფრანგეთი სიცხესთან საბრძოლველად ემზადება და პარიზის ქუჩებში უკვე ჩართეს დამატებითი შადრევნებიც,  საზოგადოებრივი აუზები კი გვიანობამდე იქნება ღია. მაღალი ტემპერატურის გამო პარიზის სამხრეთ რაიონში უკვე დაიხურა 50-მდე სკოლა. ფრანგული მედიის ცნობით, იგივე იგეგმება კიდევ ორ რეგიონში. 

ესპანეთის ამინდის პროგნოზის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია წითელ ნიშნულშია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში ტემპერატურამ, შესაძლოა, 450C-ს გადააჭარბოს. 

უახლოეს დღეებში გერმანიაში ტემპერატურა 40 გრადუსზე ქვემოთ შენარჩუნდება, მაგრამ გერმანელი მეტეოროლოგების თქმით, ესეც უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გერმანიის ზოგიერთ რეგიონში გზატკეცილებზე დასაშვები სიჩქარის ლიმიტები შეიცვალა, რადგან ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გზის ზედაპირის დაზიანება გამოიწვიოს. 

რაც შეეხება საქართველოს, როგორც სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ ნეტგაზეთს უთხრა, აღნიშნული სიცხეები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ნაკლებად შეაწუხებს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომდევნო დღეებში შედარებით დომინანტი იქნება ჩრდილოეთიდან და სანაპირო რაიონებიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები. მისი თქმით, 2 ივლისის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა შემცირდება და ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს კიდეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი