ახალი ამბები

მდინარაძე აღიარებს, რომ პრემიერის პარლამენტში არმისვლით რეგლამენტი დაირღვა

27 ივნისი, 2019 • 1039
მდინარაძე აღიარებს, რომ პრემიერის პარლამენტში არმისვლით რეგლამენტი დაირღვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში დღეს უნდა გამოსულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო მამუკა ბახტაძის მოსმენა გადაიდო.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აღიარებს, რომ ეს რეგლამენტიდან გადახვევაა, თუმცა ამბობს, რომ პრემიერი და პარლამენტი დესტრუქციას მოერიდა.

“მართალია, არის გადახვევა რეგლამენტიდან,  მაგრამ ახალი კოსნტიტუცის და ახალი რეგლამენტის შემდეგ ეს არის პრემიერის პარლამენტში მოსვლის პირველი შემთხვევა, ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ პრეცედენტი – სრულფასოვანი მოსმენა უნდა მოხდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის. მოსმენაში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები ოპოზიციის წარმომადგენლებიც და იყოს დეტალური განხილვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს ოპოზიციასთან, რათა პარლამენტში გაიმართოს რიგგარეშე სხდომა, როცა ამის ყველა საშუალება იქნება. მაშინ, როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ არ უნდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა, არ უნდა მთავრობის სხვადასხვა წევრის მოსმენა, სხვადასხვა დესტრუქციებია და ამ მძიმე ფონზე შესაძლებელია, რომ ეს საკითხიც დესტრუქციულ ფონზე განხილულიყო, მოერიდა ამას პრემიერ-მინისტრი, მოერიდა საქართველოს პარლამენტი”, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება, მამუკა მდინარაძის გამოსვლა კი დღეს იყო გათვალისწინებული.

პრემიერ-მინისტრის მოხსენება პარლამენტს წერილობით 3 ივნისს წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი