„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომლის დაპატიმრებასაც ცოტა ხნით ადრე პარლამენტმა დაუჭირა მხარი, აცხადებს, რომ 28 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლა „წარმოუდგენელია“.
„ეს ახალგაზრდობა მე-6 დღეა ითხოვს გახარიას თანამდებობიდან წასვლას, ის კი წასვლას კი არ აპირებს, ისევ აქ მოსვლას აპირებს“, — უთხრა მელიამ პარლამენტის უკან შეკრებილ მხარდამჭერებს.
„იმედია, მეც მომეცემა თქვენთან ერთად შესაძლებლობა, ზეგ [აქ] ვიყო და მივიღო აქტიური მონაწილეობა, რომ გახარიამ აქ შესვლა ვერ გაბედოს და ვერც მელიასავით შეიპაროს“, — განაცხადა მან.
ამის შემდეგ მელიამ თქვა, რომ პარლამენტის უკან შეკრებილი ადამიანები უნდა შეუერთდნენ მთავარ აქციას, რომელიც პარლამენტის წინ მე-7 დღეა მიმდინარეობს. „ჩვენ ვართ მართლები და ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. როდესაც შეგიძლია რაოდენობით შენზე მეტ ადამიანს დუმილით დაახრევინო თავი“, — ამბობს ის.
საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე საათით ადრე თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე, 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ.
შინაგან საქმეთა მინისტ გიორგი გახარიას პარლამენტში 28 ივნისს ელოდებიან. მან თვითონ სთხოვა დეპუტატებს, 20 ივნისის დარბევის საკითხზე სიტყვით გამოვიდეს პლენარულ სესიაზე.