ახალი ამბები

თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან — ნიკა მელია

26 ივნისი, 2019 •
თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან — ნიკა მელია

პარლამენტის წევრმა ნიკა მელიამ, რომლის დაპატიმრებასაც რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ჟურნალისტებთან თქვა: „ისევ რომან გოცირიძის გენიალურ ნათქვამს გავიმეორებ: თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან. ეს არის ფაქტი. სანერვიულო აქვს ბატონ ივანიშვილს“.

საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით, 0-ის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს უთხრა:

„ხმის ამოღებასაც არ ვაპირებდი. ვთქვი ის, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა. ახლა დავრწმუნდი, ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, ამ 91 ადამიანს. უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან. ისინი ნამდვილად არიან ტყვეობაში. ვიგრძენი ის, რომ არ არიან მზად, თვალი გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგაც ღილაკს დააჭირეს ხელი. დიდ ნაწილს ამის სურვილი არ ჰქონია, თუმცა იმოქმედეს მათი ნების წინააღმდეგ, რაც ყველას უბედურებაა“. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პოლიტიკურ კლასს, განსაკუთრებით მმართველ გუნდს, სჭირდება შველა და ტყვეობიდან დავიხსნათ ეს ადამიანები. რამდენჯერაც უკან გამოვიხედე, თვალი ვერ გამისწორეს“.

სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ბოიკოტი გამოუცხადეს “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ამ თხოვნით კოლეგებს თავად მიმართა.

წინა დღეს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოიტანა ბრალდების დადგენილება და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღებისთის პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელიას, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ სამართლებრივი დევნა დაიწყო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი