ახალი ამბები

ფოფხაძე მომხრეა, მელიასთან ერთად იმუნიტეტი ყველა დეპუტატს შეუჩერდეს

26 ივნისი, 2019 • 1233
ფოფხაძე მომხრეა, მელიასთან ერთად იმუნიტეტი ყველა დეპუტატს შეუჩერდეს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის პატიმრობაზე ნებართვის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ იმუნიტეტი ყველა დეპუტატს მოეხსნება.

“გეტყვით, მე რას შემიძლია მივცე ხმა – თუ იქნებოდა ინიციატივა, რომელიც გააუქმებდა საქართველოს პარლამენტის იმუნიტეტს და ყველას ერთნაირ მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა, ამ გადაწყვეტილებას მე ხმას მივცემდი. ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა დისკრიმინაციული. მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას, მაგრამ თუ იქნება ინიციატივა, რომელიც მეც ჩამომართმევს და ნებისმიერ თქვენგანს, მაშინ მე თანახმა ვარ, ასეთ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირო. მაგრამ გადაწყვეტილება, ნიკა მელიას ჩამოერთვას და ჩვენ დაგვრჩეს იმუნიტეტი, ამ სიტუაციაშიც არის დისკრიმინაციული”, – განაცხადა ფოფხაძემ.

მან დეპუტატებს მეტი თანმიმდევრულობისკენ მოუწოდა.

“მე არა მაქვს მორალური უფლება, ნიკა მელიას შევუჩერო იმუნიტეტი და გადავცე ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს. არ არის ეს სწორი”, – განაცხადა ფოფხაძემ და სხდომათა დარბაზი დატოვა.

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას და პროკურატურას მისცეს უფლება, დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საკითხს დღესვე უყრიან კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი